ფრანკლინის კლუბი: მემარჯვენეობა-მემარცხენეობის მითი

571 002 733
[email protected]

Are not registered yet? Sign up

To confirm your registration, please check your email for a message from us with further details.

მემარჯვენეობა-მემარცხენეობის მითი

იან 12, 2024 blog სანდრო თარხან-მოურავი

რით შეიძლება განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან ხილის სახეობები?

სიტკბოთი, ფერით, ფორმით, ზომით, სუნით, სიმკვრივით… მოკლედ, ბევრი რამით.

 

წარმოვიდგინოთ, ხილის ექსპერტებმა და ჟურნალისტებმა გადაწყვიტეს ხშირად გვესაუბრონ უცხო ხილზე, მაგრამ არ უნდათ ყოველი ახალი სახეობის აღწერისთვის ბევრი სიტყვის გამოყენება.

ამის ნაცვლად, გადაწყდა ყველანაირი ხილი დალაგდეს “უსუსტესიდან” “უძლიერესამდე”. შედეგად, ერთი სიტყვით მიგვახვედრებენ, ხილი როგორია - ულტრასუსტი, სუსტი, საშუალო, ძლიერი, ულტრაძლიერი…

 

კი მაგრამ, რანაირად დაალაგებთ ისეთ მრავალფეროვან რამეს, როგორიც ხილია, უსუსტესიდან უძლიერესამდე? - სამართლიანად იკითხავთ თქვენ.

მარტივია - გიპასუხებენ ექსპერტები - რაც უფრო ტკბილია, უფრო “ძლიერია”, რაც უფრო პატარაა, “სუსტია”, რაც უფრო მძაფრი სუნი აქვს, “ძლიერია”, რაც უფრო რბილია, “სუსტია”...

 

საბედნიეროდ, ეს ჯერ არ მომხდარა და რახან შეუჩვეველი ჭირია, იოლად დავინახავთ, რამხელა სისულელეა:

თუ ერთი ხილი უფრო ტკბილია, მაგრამ მეორე უფრო დიდი, რომელმა თვისებამ უნდა გადაწონოს? როგორ დავადგენთ, ამ ორი ხილიდან რომელია უფრო “სუსტი” და რომელი უფრო “ძლიერი”?

ან თუ გვითხრეს, რომ ხილი ძლიერია, როგორ მივხვდეთ, ამის უკან ბევრი სიტკბოა, დიდი ზომა, სიმკვრივე თუ სამივე ერთად?

 

მართალია ვხვდებით, რომ ხილს მეტისმეტად ბევრი თვისება აქვს, რომ ერთი ზოგადი სიტყვით აღვწეროთ - მაგრამ იმავეს ვერ ვხვდებით პოლიტიკურ იდეოლოგიებზე.

ათწლეულებია ექსპერტები, ანალიტიკოსები, ჟურნალისტები და თავად პოლიტიკოსები საუბრობენ პოლიტიკაზე, როგორც ერთგანზომილებიან, “მარცხნიდან მარჯვნივ” დალაგებად მოვლენაზე.

 

როგორია უფრო ქსენოფობიური პარტია? ცხადია, უფრო მემარჯვენე.

როგორია პარტია, რომელსაც უნდა ბიზნესისთვის გადასახადების გაზრდა? ბავშვმაც იცის, უფრო მემარცხენე!

როგორია პარტია, რომელსაც უნდა იმიგრაციის კონტროლის გამკაცრება? მემარჯვენე, მასწ.

როგორია პარტია, რომელსაც უნდა მეტი უფასო განათლება? რათქმაუნდა, მემარცხენე.

და ისეთი, რომელსაც უნდა ჯარის გაძლიერება? ვის არ ესმის, რომ მემარჯვენე - უკვე მეძინება.

რომელსაც მეტად ადარდებს გარემო? ეგ ხომ მართლა ელემენტარულია - მემარცხენე.

 

შეიძლება ზედიზედ ჩამოწერილ ამ კითხვა-პასუხებში რაღაცამ დაგაეჭვათ, მაგრამ ცალ-ცალკე ამ საკითხებს ზუსტად ასე განიხილავენ:
მაგალითად, როგორც კი დასავლეთში ჩნდება პარტია, რომელიც გამოდის აქტიური იმიგრაციის და ისლამის გავრცელების წინააღმდეგ, მას ავტომატურად უწოდებენ მემარჯვენეს - ხშირად, ძალიან (ულტრა-) მემარჯვენეს.

მაგრამ რას უწოდებენ პარტიას, რომელსაც უნდა გადასახადების მკვეთრი შემცირება? ისევ “მემარჯვენეს”.

 

მემარჯვენეობა-მემარცხენეობის მიღებული საერთაშორისო მოდელი იჭრება ზუსტად იმავე ელემენტარული ლოგიკის ტესტში, რომელშიც - ყველანაირი ხილის “სუსტიდან ძლიერამდე” დალაგების აბსურდული იდეა.

 

არაა საჭირო ყველა შესაძლო პოლიტიკური განზომილების განხილვა - საკმარისია ნებისმიერი ორი. მაგალითად, რას ვშვებით, თუ პარტია ემხრობა 80%-მდე გადასახადებს, ანუ ძალიან მემარცხენეა, მაგრამ თან მძაფრად აკრიტიკებს იმიგრაციას, ანუ ძალიან მემარჯვენეა. რომელმა თვისებამ უნდა გადაწონოს?

პრაქტიკაში, “გადაწონის” ის, რომელიც მოსაუბრეს აწყობს.

 

ამ და უსასრულოდ ბევრ სხვა შემთხვევაში ვიღებთ “თან მემარცხენე თან მემარჯვენე” პარტიას - როგორც შროდინგერის კატაა თან ცოცხალი და თან მკვდარი. ოღონდ პოლიტიკაზე სასაუბრო ენა არაა კვანტური ფიზიკა - უბრალოდ ძალიან ზედაპირული და ვითომ-მეცნიერულია, რასაც ხშირად წარმატებით იყენებენ, რომ ჩვენს თვალში რომელიმე ძალა გააშავონ ან შეალამაზონ.