ფრანკლინის კლუბი: პროსტიტუციის კრიმინალიზაციის პრობლემატიკა ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით

571 002 733
[email protected]

Are not registered yet? Sign up

To confirm your registration, please check your email for a message from us with further details.

პროსტიტუციის კრიმინალიზაციის პრობლემატიკა ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით

ივნ 17, 2022 blog სოფო ჭელიძე

პროსტიტუცია არის პრაქტიკა, რომელიც გულისხმობს სქესობრივ ურთიერთობას გადასახადის ან სხვა სახის სარგებლის სანაცვლოდ.

საქართველო განეკუთვნება იმ კატეგორიის ქვეყნებს, სადაც პროსტიტუცია სრულიად არალეგალურია, თუმცა განვითარებული სახელმწიფოების უმეტესობა ირჩევს მის სრულიად ან ნაწილობრივ ლეგალიზებას. კერძოდ, ისჯება საქართველოს სამართალდარღვევათა ადმინისტრაციული კოდექსის  1723 მუხლის მიხედვით პროსტიტუცია „გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევრიდან ერთ მინიმალურ ოდენობამდე“. პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემა კი ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით (მუხლი 254) და ითვალისწინებს  დაჯარიმებას ან თავისუფლების აღკვეთას ორიდან  ოთხ წლამდე ვადით. 

საქართველოდ კონსტიტუციით აღიარებული და დაცულია ადამიანის ძირითადი უფლებები. ისინი არსებობენ, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართალი და მიუხედავად იმისა, რომ ბუნებით უფლებებს განეკუთვნებიან და არ არიან დამოკიდებულები  სახელმწიფოს მხრიდან მათ აღიარებასა და ლეგიტიმაციაზე, თანამედროვე სამყაროშიც კი, მათგან გამომდინარე უფლებათა გარკვეული კატეგორია არის სრულიად უგულვებელყოფილი, რაც  გულისხმობს არა მარტო სახელმწიფოს მხრიდან ამ უფლებების დაცვის პოზიტიური ვალდებულებისთვის გვერდის ავლას, არამედ მათ კრიმინალიზაციასაც კი. სწორედ, მოცემულ ჭრილში ვეცდები წარმოვაჩინო პროსტიტუციის კრიმინალიზაციის შეუთავსებლობა ადამიანის ძირითად უფლებებთან.

თითოეულ ადამიანს აქვს განვითარების თავისუფლება, რომელიც შეუძლია აირჩიოს სახელმწიფო ორგანოების თუ საზოგადოებაში ჩამოყალიბებული მორალური ნორმებისგან დამოუკიდებლად. საზოგადოებაში გავრცელებული მორალური შეხედულებები, ხშირად ადამიანს აიძულებს იცხოვროს სხვათა აზრზე დამოკიდებულად, რითიც უარს ამბობს ცხოვრების თავისუფლად დაგეგმვაზე. სამწუხაროდ, ხშირად ამგვარი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ადამიანებს კანონის დონეზე აქვთ შეზღუდული, რაც საკანონმდებლო ორგანოს არჩეული კრიმინალური პოლიტიკის შედეგია.  ისტორია კი გვიჩვენებს, რომ საზოგადოება ხშირად ცდება ამა თუ იმ საკითხის შეფასებაში და სახელმწიფო, რომელიც ემორჩილება მის მორალურ წარმოდგენებსა და მსოფლმხედველობას ხშირად იღებს არასამართლიან და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას. სწორედ ამგვარ გადაწყვეტილებას წარმოადგენს პროსტიტუციის კრიმინალიზაცია, რის მთავარ არგუმენტადაც რელიგიური და ეთიკურ-მორალური მსჯელობები გამოიყენება, მათზე აპელირება კი სახელმწიფოს მხრიდან არის მხოლოდ პოპულისტური მოქმედება და არ არის მიმართული რეალურად მოწყვლადი ჯგუფის ინტერესების დაცვისკენ.

ფაქტია, რომ პროსტიტუცია არსებობდა ყველა დროში და ყველა ქვეყანაში. ეს უკანასკნელი განეკუთვნება მომსახურეობითი ურთიერთობების კატეგორიას, სადაც მოქმედებს ერთი უტყუარი პრინციპი - „ბაზაი . გამომდინარე აქედან, სახელმწიფომ ბრმად კი არ უნდა აკრძალოს მოცემული პროფესია, არამედ უნდა მოაქციოს მისი რეგულირების ფარგლებში და უზრუნველყოს მომსახურების გამწევის, კონსტიტუციით აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების სრულყოფილი რეალიზაცია. 

პროსტიტუციით ილახება ადამიანის თავისუფალი განვითარების, შრომის, პირადი ცხოვრების ხელშეუვალობის, ჯანმრთელობის და სასამართლოსადმი მიმართვის უფლება და ეს უკანაკნელნი რჩებიან სექს-მუშაკებისგან განყენებულ, შორეულ და მხოლოდ ფურცელზე დაწერილ უფლებებად.

პროსტიტუციის ლეგალიზაციის მოწინააღმდეგეების აზრით, სექსის დაყვანა ფინანსურ გარიგებამდე, ძირს უთხრის ნორმალურ ადამიანურ ურთიერთობებს, ქორწინებასა და ოჯახს. ასევე გარკვეული მოსაზრებით ამ შემთხვევაში ირღვევა სექს-მუშაკის ღირსების აბსოლუტური უფლება. წარმოუდგენელია ისაუბრო მორალზე და ჰუმანურობაზე, იმ პირობებში, როდესაც მოცემული პროფესია იატაკქვეშ განაგრძობს არსებობას, სექს-მუშაკების არა მარტო ღირსების, არამედ თითქმის ყველა ძირითადი უფლების ხელყოფისა და გათელვის ფონზე. ისტორიამ აჩვენა, რომ მოცემული მომსახურების აღმოფხვრა შეუძლებელია და ის სახელმწიფოს მხრიდან ლეგიტიმაციის გარეშეც განაგრძობს არსებობას, შესაბამისად მოცემულ თემას სახელწმიფო უნდა მიუდგეს გონივრულად და მოახდინოს მისი კონტროლქვეშ მოქცევა, როგორც ეს მოხდა ნიდერლანდებში. 

ცხადია, რომ პროსტიტუცია მხოლოდ ფურცელზეა აკრძალული. არავისთვის საიდუმლო არაა, რომ სექს ინდუსტრია საქართველოში არსებობს და  იატაკქვეშა ეკონომიკის სტაბილურ ნაწილს შეადგენს. თავის მხრივ, პროსტიტუციის ლეგალიზაცია იძლევა რეგულაციისა და გადასახადების აკრეფის საშუალებას. მიღებული შემოსავალი შეიძლება გამოყენებული იყოს ზოგადი სურათის გასაუმჯობესებლად, ახალგაზრდა ქალებისთვის უკეთესი განათლების და სხვა პროფესიული შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად, რათა ძირშივე მოგვარდეს პროსტიტუციის გამომწვევი პრობლემები. ამას გარდა, სახელმწიფოს მხრიდან რეგულაციების შემოღება მას სქესობრივი  გზით  გადამდები დაავადებების უფრო ეფექტურად კონტროლის შესაძლებლობას მისცემს. უკეთეს რეალობაში სექსუალური მუშაკები ვალდებულნი იქნებიან პერიოდულად ჩაიტარონ გამოკვლევა, ექნებათ გაუმჯობესებული სამედიცინო განათლება, წვდომა კონტრაცეპტივებთან და სამედიცინო მომსახურებასთან, რაც დადებითად აისახება მათ ჯანმრთელობაზე და რაც მთავარია ექნებათ დარღვეული უფლების ან ძალადობის შემთხვევაში სამართალდამცავ ორგანოებისადმი მიმართვის უფლება, ისე რომ არ ჰქონდეს დაჯარიმების და სამართლებრივი სახდელების შიში, რაც ხშირად არის პოლიციისადმი მიმართვის დამაბრკოლებელი გარემოება. ამ პირობებში მომსახურების მიმღებსაც ნაკლებად ეშინია „სამართლის“, ვინაიდან იცის, რომ ისედაც ეკონომიკურ სიდუხჭირეში მყოფი მისი მსხვერპლი პოლიციას არ მიმართავს და ამ შემთხვევაშიც მომსახურების მიმღები დიდი ალბათობით არ დაისჯება. პროსტიტუციის კრიმინალად აღიარებით სახელმწიფო სირაქლემას პოზიციაში იმყოფება, რომელმაც იცის რომ მის ქვეყანაში რეალურად ეს პროფესია არსებობას განაგრძობს და არაფერს აკეთებს მოწყვლადი ჯგუფის უფლებების დასაცავად.
შესაბამისად, თუ  საქართველოს რეალურად სურს აკონტროლოს ამ საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეები და რისკები, მეტად გამართლებული იქნება მოახდინოს მისის სახელმწიფო კონტროლქვეშ მოქცევა, არა მისი კრიმინალიზაციით, არამედ სხვა მეტად დემოკრატიული და ნაკლებად მზღუდავი ღონისძიებებით. 

 'აღნიშნული ესე შეიძლება არ წარმოადგენდეს ფრანკლინის კლუბის ოფიციალურ პოზიციას. ესე დაწერილია ფრანკლინის კლუბის პროექტ ფრანკლინის თავისუფლების მცველების ფარგლებში.'