ფრანკლინის კლუბი: ‘’დამოკლეს მახვილი’’

571 002 733
[email protected]

Are not registered yet? Sign up

To confirm your registration, please check your email for a message from us with further details.

‘’დამოკლეს მახვილი’’

ივნ 14, 2022 blog ნია ბერაძე

2021 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და მის ნაცვლად შეიქმნა ორი ახალი უწყება: სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გააჩნდა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების კონტროლის, ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლისა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების უფლებამოსილება. 

აღსანიშნია ის ფაქტი, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ფუნქციას , სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, განეკუთვნებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული დანაშაულების ნაწილზე გამოძიების უფლებამოსილება, თუ იგი ჩადენილია სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, აგრეთვე მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ. მოგეხსენებათ, დღევანდელი სავალალო მდგომარეობა სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბების თაობაზე. ინსპექტორის სამსახურის გაუქმება კი აღნიშნულ პრობლემას ყოველდღიურობის ნაწილად გარდაქმნის. დაუშვებელია 20 ივნისის, 5 ივლისის თუ სხვა უამრავი მტკივნეული გამოცდილების ფონზე, რომლითაც ,სამწუხაროდ, მდიდარია საქართველოს წარსული, კიდევ უფრო შესუსტდეს აღნიშნული საკითხის კონტროლი. 

საკომიტეტო და საპარლამენტო სხდომაზე აღნიშნული საკითხის განხილვისას კანონმდებლებმა სადავო ნორმების ლეგიტიმურ მიზნად დაასახელა ის, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელში პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების კონტროლის, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე ზედამხედველობისა და გამოძიების ფუნქციის განხორციელებისას წარმოიშობა ინტერესთა კონფლიქტი. პარლამენტის პოზიციით, სამსახურის ფუნქციები იყო ურთიერთსაწინააღმდეგო და ერთი სახელმწიფო ორგანო ვერ შეძლებდა მის ჯეროვნად განხორციელებას. სამარცხვინოა ამ არგუმენტის დასახელება მათი მხრიდან, რადგან აღნიშნულის დასტურად, როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათებში, ასევე საპარლამენტო განხილვებში, მოყვანილ იქნა არა რაიმე სახის პრაქტიკული, ავთენტური მაგალითი, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის მიერ 2018 წლის 14 თებერვალს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ამოქმედებამდე, გავრცელებული განცხადება, სადაც კოალიციის წევრები გამოხატავდნენ თავის მოსაზრებას, შესაძლო ფუნქციურ კონფლიქტთან დაკავშირებით. ეს ფაქტი კი ცალსახად  ამტკიცებს, რომ  გადაწყვეტილება არა პრაქტიკაში არსებულ მტკიცებულებებზეა დაფუძნებული, არამედ პარლამენტართა ორ წელიწადში შეცვლილ თეორიულ აღქმებზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით ლონდა თოლორაიამ- სახელმწიფო ინსპექტორმა,  და ,ასევე, სახალხო დამცველმა, მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს. 

საკონსტიტუციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ეუთო ოდირის სამართლებრივი დასკვნა, რომელმაც ის  სახალხო დამცველის მიერ მიმართვის შემდგომ მოამზადა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ სავალალო შედეგებს, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას მოჰყვებოდა. კერძოდ- გაუქმების გადაწყვეტილება პარლამენტში ნაჩქარევად იქნა მიღებული, რასაც არ სდევდა თან არანაირი წინასწარი კონსულტაციები. ეს ხელყოფს კანონის უზენაოსობას და საფრთხეს შეუქმნის დამოუკიდებელი ინსტიტუტების ეფექტურ ფუნქციონირებას. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო ყოვლად სამარცხვინო გადაწყვეტილება და 3 დღეში, ყოველგვარი განხილვის გარეშე, მიღებული კანონი არ გააუქმა და არც ნორმის მოქმედება შეაჩერა. ამ გადაწყვეტილების ავტორები გახლდათ ვასილ როინიშვილი, ევა გოცირიძე და გიორგი თევდორაშვილი. მაგრამ უნდა აღინიშნოს ამგვარ სიბნელეში გამონათებული ერთადერთი სხივიც- გიორგი კვერენჩხილაძე, რომელმაც განსხვავებულ აზრში ცხადყო სამი მიკერძოებული  მოსამართლის გადაწყვეტილების აბსურდულობა. 

მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქცია უმთავრესაც კონსტიტუციური კონტროლია, პირველ რიგში, სწორედ მან დაარღვია კონსტიტუცია, კერძოდ, აღნიშნული გადაწყვეტილებით  ხდება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ - საჯარო სამსახურში უფლებამოსილების შეუფერხებელი განხორციელების - უფლებაში ჩარევა.

კანონმდებლების არგუმენტი, რომ ცვლილების საჭიროება განპირობებული იყო ამ სამსახურის უკეთესი ინსტიტუციური მოწესრიგების საჭიროებით, არის ადამიანებისთვის თვალებში ნაცრის შეყრა,  რომლითაც ხელისუფლებამ დაგვანახა მისი მმართველობის პერიოდში ‘’ სამართლიანობის წარმავლობა და უსამართლობასთან სიახლოვე’’. ეს არის უკიდურესად არაკონსტიტუციური კანონი, რაც წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისოდ აღიარებული ნორმებთან, არღვევს ადამიანის უფლებათა ძირითად პრინციპებს და ეწინააღმდეგება თავად საკონსტიტუციო სასამართლოს არსებულ პრაქტიკას. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ცალსახად ასამარებს კონსტიტუციური კონტროლის იდეას. 

ნათელია, რომ ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, როგორც დამოუკიდებელი  ინსტიტუტის მიერ, ეფექტური მუშაობის უკმაყოფილებით, რადგან სახელმწიფო ინსპექტორი მმართველი ძალის მხრიდან ძლაუფლების უზურპირებას და უკანონო ქმედებებს ებრძოდა. როგორც კი ეს საფრთხე ხელისუფლებამ იგრძნო, დაუყოვნებლივ მიმართა უკიდურეს ზომებს და ბრძოლა გააჩაღა დამოუკიდებელ ინსტიტუტებთან. ვფოქრობ, რომ ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით, მისი ორ ნაწილად გაყოფით და მათზე უფლებამოსილებების გადანაწილებით ოცნება მარტივად შეძლებს ამ ინსტიტუტზე გავლენების მოხდენას და  კონტროლს, რაც მათი მთავარი მიზანი იყო. ეს კი ნიშნავს, რომ ყველაფერი ისე იქნება ‘’როგორც მამას უნდა’’ . ხელისუფლება არ წყვეტს დემოკრატიასთან ბრძოლას და  ამის კიდევ ერთი მაგალითი იყო  ბოლოდროინდელი მოვლენები, როცა სახალხო დამცველის მიმართ ხელისუფლებამ დაიწყო აგრესიული განცხადებების გაკეთება.  ასეთი ნაბიჯებით მივალთ ისეთ შედეგებთან, როგორიც იქნება კონსტიტუციაში ფორმალურად არსებობა დემოკრატიულობის,  ხოლო პრაქტირაქტიკაში - ტირანული მმართველობის.

საბოლოოდ კი მინდა გაცნობოთ სამწუხარო ინფორმაცია- ‘’საკონსტიტუციო სასამართლო გარდაიცვალა’’.

 'აღნიშნული ესე შეიძლება არ წარმოადგენდეს ფრანკლინის კლუბის ოფიციალურ პოზიციას. ესე დაწერილია ფრანკლინის კლუბის პროექტ ფრანკლინის თავისუფლების მცველების ფარგლებში.'