ფრანკლინის კლუბი: სასკოლო განათლების რეფორმა საქართველოში

571 002 733
[email protected]

Are not registered yet? Sign up

To confirm your registration, please check your email for a message from us with further details.

სასკოლო განათლების რეფორმა საქართველოში

ივნ 14, 2022 blog მარიამ პაპასქირი

თანამედროვე სამყაროში ნებისმიერი ადამიანის, კონკრეტული ჯგუფისა თუ ერის სრულფასოვანი ცხოვრება წარმოუდგენელია განათლების გარეშე. სწორედ ცალკეული ინდივიდისა და საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლებაა ქვეყნის განვითარების უმთავრესი წინაპირობა, შესაბამისად, ვფიქრობ, სახელმწიფოს წინსვლისა და მოქალაქეთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის აუცილებელია განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს ამ სფეროს. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ამ კუთხით საკმაოდ სავალალო ვითარება აქვს. 2018 წელს მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველო წიგნიერების ნაწილში 380-ე ადგილს იკავებს. ეს კი მეტყველებს იმაზე, რომ ქართველ მოსწავლეთა უმეტეს ნაწილს, ერთი მხრივ, უჭირს წაკითხული ტექსტის გააზრება, ხოლო, მეორე მხრივ, დამაკმაყოფილებელზე დაბალ შედეგებს აჩვენებს ისეთ საგნებში, როგორებიცაა მათემატიკა და მეცნიერება. ცხადია, პრობლემა ქართულ განათლების სისტემაში უნდა ვეძიოთ, ვინაიდან სწორედ ესაა სათავე იმ რიგი გამოწვევებისა, რომელთა წინაშეც დგას დღეს ჩვენი სახელმწიფო და საზოგადოება. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ზოგადი განათლება რეგულირდება საქართველოს კანონებით: „ზოგადი განათლების შესახებ“ და „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ და მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმით. საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძვლიანი შესწავლის შემთხვევაში, სამწუხაროდ, საკმაოდ ბევრ პრობლემას წავაწყდებით, თუმცა, ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი თავად სასწავლო პროგრამაა, რომელშიც ძალიან ბევრი ხარვეზი იკვეთება. საყურადღებოა, რომ ეროვნული სასწავლო გეგმით 2018-2024წწ. (კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ – მუხლი 5. ეროვნული სასწავლო გეგმა) გათვალისწინებული საგნები ერთიანდება შემდეგ საგნობრივ ჯგუფებში: სახელმწიფო ენა – ქართული ენა და ლიტერატურა; საქართველოს ისტორია, საქართველოს გეოგრაფია და სხვა საზოგადოებრივი მეცნიერებები; მათემატიკა; უცხოური ენები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ფიზიკური, შრომითი და ესთეტიკური აღზრდა. ვფიქრობ, უმთავრესი პრობლემაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ჩამოთვლილი საგნებიდან ძალიან მცირე ნაწილი (ან არც კი) თუ აქცევს ყურადღებას მოსწავლის სამოქალაქო ცნობიერებას. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ სავალდებულო საგანთა ჩამონათვალში არ გვხვდება პოლიტიკური იდეოლოგიები, სამართალი, ეკონომიკა, სხვ. მეტიც, 2021 წლის სექტემბერში სახელმწიფოს მიერ XI-XII კლასებში გამოცხადებულ საგნებს შორის მხოლოდ არჩევითია ისეთი საგნები, როგორებიცაა „ეკონომიკა და სახელმწიფო“ ან „სახელმწიფო და სამართალი“. თანაც, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სია ყოველწლიურად ქვეყნდება განათლების სამინისტროს მიერ, სკოლათა უმეტესობას არ აქვს არც შესაბამისი რესურსი ამ საგნების სასწავლებლად, რის გამოც, სკოლების იმ ძალიან მცირე ნაწილშიც, სადაც ისწავლება ეს დარგები, სწავლება არასრულფასოვანია. ეს ცხადყოფს იმას, რომ, სამწუხაროდ, სახელმწიფო ნაკლებად, თითქმის არც კი ანიჭებს მნიშვნელობას ისეთი მეცნიერებების სწავლებას, როგორებიცაა ეკონომიკა, სამართალი, პოლიტიკა, სამოქალაქო განათლება, პილიტიკური იდეოლოგიები. ბუნებრივია, ეს უდიდესი პრობლემაა, ვინაიდან ამ დარგებში სათანადო განათლების არქონის გარეშე შეუძლებელია დღევანდელ სოციუმში თავის დამკვიდრება და როგორც კარიერული, ისე პიროვნული წინსვლა. სწორედ ამის შედეგია ისიც, რომ სკოლაში მიღებული ცოდნით მოზარდი ვერ ახერხებს მიიღოს გამოცდილება, რომელიც შემდგომში მას რეალურ ცხოვრებისეულ გამოწვევებთან გამკლავებაში დაეხმარება. ერთადერთი საგანი, რომელიც ზედაპირულად ეხმიანება ამ თემებს, არის სამოქალაქო განათლება, რომელიც, სამწუხაროდ, სათანადოდ არც კი ისწავლება რიგ ქართულ სკოლებში. ამის დასტურია თავად სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოებიც, რომლებშიც მხოლოდ ზედაპირულადაა ნახსენები ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა სახელმწიფოს მოწყობა, ეკონომიკა, სამართალი და ა. შ. ხოლო რაც შეეხება პოლიტიკასა და პოლიტიკურ იდეოლოგიებს, მსგავსი საკითხები არც კი გვხვდება სასკოლო სახელმძღვანელოებში. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, აუცილებელია მსგავსი დარგები საბაზო საფეხურიდანვე სავალდებულო საგნად ისწავლებოდეს სკოლებში, რათა მოსწავლეებმა შეძლონ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მოვლენების შესახებ ცოდნის მიღება, მოვლენების კრიტიკულად შეფასება, პოლიტიკური პროცესების ანალიზი და პრაქტიკაში გადატანა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მოსწავლემ მიიღოს ცოდნა პოლიტიკური იდეების მნიშვნელობის შესახებაც, რათა, ერთი მხრივ, შეექმნას საკუთარი წარმოდგენა ქვეყნის მოწყობის შესახებ, ხოლო, მეორე მხრივ, შეძლოს დისკუსია და მსჯელობა პოლიტიკური იდეოლოგიებისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, შედეგად, სკოლის მოსწავლეებს ადრეული ასაკიდანვე ჩამოუყალიბდებათ კრიტიკული აზროვნების უნარები და შეძლებენ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნის მიღებას თანამედროვე სამყაროში. ბუნებრივია, ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამომავლოდ ამ ახალგაზრდების აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას და ლიბერალურ ღირებულებებზე დაფუძნებული, პროგრესული საზოგადოების შექმნას. ეს ყოველივე კი, ცხადია, პირდაპირპროპორციულადაა დაკავშირებული დემოკრატიული ქვეყნის განვითარებასა და წინსვლასთან როგორც სოციალური, ისე ეკონომიკური და პოლიტიკური კუთხით, ვინაიდან სწორედ აქტიურ ახალ თაობაზეა დამოკიდებული ცვლილებები.

საყურადღებოა ისიც, რომ დღევანდელი ქართული საგანმანათლებლო სისტემის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაკლი კოლექტივისტური მიდგომაა. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში სკოლათა აბსოლუტური უმრავლესობა არ იძლევა განვითარებისა და ინდივიდუალიზმის გამოვლენის შესაძლებლობას. ერთი მხრივ, სასწავლო დაწესებულებები და მომუშავე კადრები, ხოლო, მეორე მხრივ, მთლიანად განათლების სისტემა ჩარჩოებში აქცევს მოსწავლეს და აიძულებს მხოლოდ მოცემულ კონკრეტულ სივრცეში აზროვნებას. მაგალითად, მოსწავლეს არ აქვს არჩევანი, აირჩიოს ის საგნები, რომლებიც რეალურად შეესაბამება მის ინტერესებს. ამის გამო კი, მას ეკარგება დრო, ენერგია და რესურსები იმ სხვადასხვა დარგის სწავლაში, რომელიც, შესაძლოა სულაც არ ემთხვეოდეს მის გეგმებსა და მიზნებს. ცხადია, ეს მნიშვნელოვნად აფერხებს ადამიანის სამომავლო განვითარებას. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, საგანმანათლებლო სფერო ცალკეულ ინდივიდზე და მათ ინტერესებზე უნდა იყოს ორიენტირებული, მაგალითად – დაწყებით და საბაზო კლასებში ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით გათვალისწინებული იყოს ძირითადი საგნები და მოიცავდეს მხოლოდ საბაზისო და არა სიღრმისეულ ცოდნას, ხოლო საშუალო საფეხურიდან მოსწავლეს უკვე თავად შეეძლოს ჰუმანიტარული ან ტექნიკური მიმართულების არჩევა და მისი ინტერესებისთვის შესაფერისი სპეციალობისა თუ საგნების შესწავლა. ეს ბევრად გაამარტივებდა მოსწავლისთვის უნივერსიტეტში ჩაბარებისთვის მოსამზადებელ პროცესსაც, ვინაიდან მე-12 კლასში კერძო რეპეტიტორთან მომზადების ნაცვლად, საშუალო საფეხურს (X-XII კლასები) იგი სწორედ სამომავლო მიზნებისთვის მზადებაში გაატარებდა, რაც გაუმარტივებდა პროფესიული არჩევანის გაკეთებასაც. ამდენად, ჩემი აზრით, ზემოთ აღნიშნული პრობლემა მხოლოდ ლიბერალური ღირებულებების ადრეული ასაკიდანვე დანერგვითა და თავისუფლებაზე დამყარებული საგანმანათლებლო სისტემის ჩამოყალიბებით შეიძლება მოგვარდეს.

სამწუხაროდ, მიუხედავად შეფასების იმ აუცილებელი კომპონენტების, მიზნებისა თუ კრიტერიუმებისა, რომლებიც თეორიულად არის აღწერილი ეროვნულ სასწავლო გეგმაში, ძალიან ცოტა მათგანი თუ ხორციელდება პრაქტიკაში. რესურსების ნაკლებობისა და არაეფექტიანი დაგეგმვის გამო, სკოლის მოსწავლეების უმეტესი ნაწილი ვერ იძენს პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. ვფიქრობ, სწორედ ამის დასტურია კვლევების შედეგიც – ის, რომ ქართველ მოსწავლეთა დიდ ნაწილს უჭირს კრიტიკული აზროვნება და წაკითხულის გააზრება. სრულიად განსხვავებულ შედეგს აჩვენებს PISA-ს 2018 წლის მონაცემები ესტონეთის საგანმანათლებლო სისტემის შემთხვევაში, რომელიც ევროპაში პირველ ადგილზე დგას ამ კუთხით. ვფიქრობ, ამის მთავარი მიზეზი განათლების პოლიტიკის სწორი დაგეგმვა, კრიტიკულ აზროვნებაზე დამყარებული და ინდივიდის ინტერესებზე მორგებული სწავლებაა. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ესტონეთში საშუალო განათლება მოიცავს სწორად შერჩეულ სავალდებულო და არჩევით საგნებს და ორიენტირებულია მოსწავლეებისთვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევების უზრუნველყოფაზე, არ აქცევს მათ შემოქმედებით მხარეს ჩარჩოებში და ზრუნავს მათ სოციალურად შემდგარ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაზე. გარდა ამისა, ცხადია, ამ ყოველივეს ხელს უწყობს თანამედროვე მეთოდებსა და ტექნოლოგიებზე დამყარებული სწავლება, კვალიფიციური კადრების სიმრავლე და ეფექტური კომუნიკაცია. 

დასკვნის სახით შემიძლია ვთქვა, რომ, გარდა ზემოაღნიშნული საკითხებისა, მოცემული პრობლემის ეფექტიანად აღმოფხვრის ერთ-ერთი საშუალება შეიძლება იყოს განათლების სამინისტროში საჯარო სამართლის იურიდიული პირების (სსიპ) არსებობა და მათი ფუნქცია-მოვალეობების სპეციალიზებული გადანაწილება – განსაკუთრებული ყურადღება კი უნდა მიექცეს კერძოდ ეროვნული სასწავლო გეგმის სტრუქტურის დახვეწას. ამ გზით კონკრეტული ჯგუფი უშუალოდ გამართული ეროვნული სასწავლო გეგმის შემუშავებაზე იქნება ორიენტირებული. მაგალითად, მსგავსი ტიპის ერთ-ერთი ჯგუფის მოვალეობა შეიძლება იყოს უცხოური გამოცდილების შესწავლა და ქართულ სისტემასთან ინტეგრირება. შედეგად, ჩემი აზრით, ეს მიდგომა მნიშვნელოვნად გაამარტივებს ამ კუთხით განათლების სისტემის განვითარების პროცესს. 

ამდენად, ვფიქრობ, ეროვნული სასწავლო გეგმის დახვეწის, სასკოლო პროგრამის სავალდებულო და არჩევით საგანთა ცვლილების, სწავლებაში პრაქტიკული ელემენტის გაზრდისა და ინდივიდის ინტერესებზე მორგებული განათლების სისტემის ჩამოყალიბების საფუძველზე, აღმოიფხვრება სასკოლო განათლების რეფორმის კუთხით არსებული გამოწვევები და მნიშვნელოვნად ამაღლდება განათლებისა და ცნობიერების დონე ქართველ ახალგაზრდებში. ეს ყველაფერი კი, ცხადია, მრავალმხრივ შეუწყობს ხელს სამოქალაქო საზოგადოების აქტივობასა და სახელმწიფოს მდგრად განვითარებას.

- 'აღნიშნული ესე შეიძლება არ წარმოადგენდეს ფრანკლინის კლუბის ოფიციალურ პოზიციას. ესე დაწერილია ფრანკლინის კლუბის პროექტ ფრანკლინის თავისუფლების მცველების ფარგლებში.'