ფრანკლინის კლუბი: საარჩევნო სისტემის რეფორმა, როგორც საქართველოს მთავარი გამოწვევა

571 002 733
[email protected]

Are not registered yet? Sign up

To confirm your registration, please check your email for a message from us with further details.

საარჩევნო სისტემის რეფორმა, როგორც საქართველოს მთავარი გამოწვევა

ივნ 14, 2022 blog მარიამ გიგინეიშვილი

 

ზოგადად, დემოკრატიულ სახელმწიფოებში სამართლიანი და კონკურენტუნარიანი არჩევნები წინსვლისა და განვითარების ერთ-ერთ ყველაზე რეალურ პერსპექტივას ქმნის. მართალია, როგორც წესი, კონსენსუსზე დაფუძნებულ, განვითარებულ ქვეყნებში ხალხის ნება მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით არ ვლინდება, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ის ამომრჩეველს ანიჭებს უფლებას, თავისი სურვილის საფუძველზე, სხვას მისცეს რომელიმე თანამდებობის დაკავების საშუალება. საარჩევნო სისტემა ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ახდენს გავლენას, მათ შორის,  ქვეყნის ზოგადი პოლიტიკური ლანდშაფტისა და პარტიული პოლიტიკის ფორმირების პროცესებზე. გამომდინარე იქიდან, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოებში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება არჩევნების სამართლიანობას, რომელსაც დიდწილად საარჩევნო სისტემა განაპირობებს, მნიშვნელოვანია, შეიქმნას ისეთი საარჩევნო გარემო, რომელიც გახდება პოლიტიკური სტაბილურობის წინაპირობა. ამის საპირისპიროდ, განსაკუთრებით არაკონსოლიდირებულ დემოკრატიებში, არ არსებობს პოლიტიკური ნება, ეს საკითხი გახდეს ფართო დისკუსიის საგანი.  

დღიდან დამოუკიდებლობის მოპოვებისა საქართველოს საარჩევნო სისტემა მუდმივად ცვლილებების პროცესშია. მეტიც, ზოგი პოლიტიკური ძალა მას იყენებს, როგორც მძლავრ მექანიზმს, ძალაუფლების მაქსიმალური კონცენტრაციის მიზნით სისრულეში მოიყვანოს ვიწრო პარტიული ინტერესები. შედეგად, საარჩევნო ელექტორატსა და პარტიათა შორის ჩნდება მნიშვნელოვანი ბზარი, რაც თავისთავადაა პროგრესის შემაფერხებელი. აქედან გამომდინარე, იმისათვის, რომ ქვეყანაში გატარდეს ქმედითი საარჩევნო რეფორმა, დაიხვეწოს საარჩევნო სისტემა და მაქსიმალურად მოერგოს ის ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას, უპირველესად, უნდა დაიწყოს პრობლემის სიღრმისეული იდენტიფიცირება. 

საქართველოში მოქმედმა შერეულმა საარჩევნო სისტემამ, როგორც პროპორციულ, ასევე, მაჟორიტარულ ნაწილში, მრავალი პრობლემა წარმოქმნა. პროპორციული სისტემის არსებობის პირობებში საარჩევნო ოლქი მრავალმანდატიანია და მანდატები ნაწილდება პარტიის მიერ მიღებული ხმების პროპორციულად. მიუხედავად ამისა, მან ხელი შეუწყო რიგითი მოქალაქეების იზოლირებასა და გაუცხოებას, რადგან ამგვარი წესით შედგენილი სიების დაკომპლექტება საკმაოდ გაუმჭვირვალეა. რეალურად, პარტიის შიგნით მმართველობა უნდა ხორციელდებოდეს ქვემოდან ზემოთ და არა პირიქით, შესაბამისად, პროცესებში ჩართული უნდა იყოს არა მხოლოდ ლიდერი, არამედ პარტიის ყველა წევრი და თავად ამომრჩეველი. ფაქტია, პროპორციული სისტემა სტიმულის მომცემი არც პარტიათა დეცენტრალიზაციის კუთხით აღმოჩნდა, რაც, შესაძლოა, პოლიტიკური არასტაბილურობის ერთ-ერთ ინდიკატორადაც მივიჩნიოთ. 

კრიტიკის სამიზნეა მაჟორიტარული წესით დეპუტატების არჩევაც. მთავარი სისუსტე, ხმების დაკარგვასთან ერთად, დიდი ფინანსური რესურსების, გაურკვეველი პოლიტიკური შეხედულების მქონე პირთა კანდიდატურაა. ისინი ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსების მეშვეობით ადვილად ახერხებენ უპირატესობის მოპოვებას. შედეგად, ემსახურებიან არა ამომრჩევლის, არამედ საკუთარი პარტიის ინტერესებს. 

იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ცენტრალიზებული მმართველობა და მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი წარმომადგენლობითობასა და სამართლიანი შედეგის მიღწევას, მნიშვნელოვანია, შეირჩეს საარჩევნო მოდელი, რომელიც მაქსიმალურად იქნება მორგებული საქართველოში არსებულ რეალობას. ვინაიდან, ის სისტემა, რომელიც სხვა ქვეყნის წარმატების წინაპირობაა, სავსებითაა შესაძლებელი, სულაც არ იყოს მეორისათვის პოზიტიური ცვლილებების მომტანი.  აუცილებელია, გატარდეს საარჩევნო რეფორმა, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს სისტემის პრობლემურაბას და დაამყარებს არა ელიტურ ჯგუფთა, არამედ ხალხის მმართველობას.

 

2016 წელს განხორციელებული საარჩევნო რეფორმა

2020 წელს განხორციელებულ ცვლილებებამდე საკანონმდებლო ორგანოს დაკომპლექტება ხდებოდა 150 დეპუტატით, რომელთაგან 77 პროპორციული სისტემით, ხოლო 73 დეპუტატი ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქში აირჩეოდა. პრობლემებს, ძირითადად, სისტემის მაჟორიტარული კომპონენტი იწვევდა. პირობითად, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელსაც პროპორციულ არჩევნებში მოსახლეობის 59,1% უჭერდა მხარს, პარლამენტის მანდატების 79% მიიღო, ვინაიდან, პროპორციული და მაჟორიტარული მანდატები მექანიკურად დაჯამდა. ხელისუფლებამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებიც ამავე სისტემით, მაგრამ მცირე ცვლილებებით ჩაატარა. დაწესდა 50%-იანი ბარიერი მაჟორიტარული კანდიდატებისათვის და ხელახლა დადგინდა მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრები, მიუხედავად ამისა, ბუნდოვანი იყო თავად პროცესი. რამდენიმე ოლქი გაერთიანდა ხელოვნურად, მაგალითად, თერჯოლა მიუერთეს ხონს, რადგან თერჯოლაში მმართველ პარტიას ბევრად მყარი პოზიციები ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2010 წელს პოლიტიკურ ასპარეზზე ახლად წარმოჩენილი „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას საარჩევნო რეფორმისაკენ მოუწოდებდა, მაგრამ, მართვის სადავეების ხელში ჩაგდების შემდეგ, მათ აღარ დაუჭირეს მხარი ამ ინიციატივას. შეიძლება ითქვას, რომ საარჩევნო რეფორმების აქტიურად განხორციელება, სწორედ რომ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს მიეწერება. სინამდვილეში კი, მათ არასდროს ჰქონიათ ისეთი ცვლილებების სურვილი, რომელიც თავად ძალაუფლების დაკარგვის საშიშროების წინაშე დააყენებდათ. ნებისმიერი წინ გადადგმული ნაბიჯის ადრესანტი არის საზოგადოება, ის ძალა, რომელიც ხელისუფლებას ცვლილებებისაკენ თავად უბიძგებს.

 

2020 წელი და მისი პერიპეტიები

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად საარჩევნო რეფორმის აუცილებლობა კვლავ დღის წესრიგში დადგა. 2019 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირების ჩაგდების შემდეგ, ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხმა მოიმატა. არსებული ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა 20 ივნისის გავრილოვის ღამის მოვლენებმა, რასაც კვლავ მოჰყვა სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნები.

ოპოზიციამ და მმართველმა პარტიამ უცხოელ დიპლომატთა შუამავლობით საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მსჯელობა კვლავ დაიწყეს. 8 მარტის შეთანხმება ორიენტირებული იყო საარჩევნო სისტემის სტრუქტურულ ცვლილებაზე, მეორე მხრივ, იმ საკითხთა გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემის პოლიტიზირებას გულისხმობს. შედეგად, 120 მანდატი არჩევა პროპორციული, ხოლო 30 -  მაჟორიტარული გზით, 5%-იანი ბარიერი 1%-იანით შეიცვალა და დაწესდა 40%-იანი ჩამკეტი, შესაბამისად, თუ პარტია ამომრჩეველთა 40%-ს ვერ მოაგროვებს, პარლამენტში ერთპარტიულად უმრავლესობის შექნის შესაძლებლობაც არ ექნება. 

 

2021 წლის 19 აპრილის შეთანხმება

პოლიტიკური კრიზისის დასრულების მიზნით, 19 აპრილს დაიდო შარლ მიშელის შეთანხმება. მასში განიხილეს მართლმსაჯულების, საარჩევნო და სასამართლო რეფორმის, მომავალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების პირობები. მათი პრაქტიკაში აღსრულება კი უნდა ყოფილიყო ოპოზიციის მიერ ბოიკოტის შეწყვეტის წინაპირობა. საარჩევნო რეფორმა ითვალისწინებდა პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების 4/1 პროპორციას ხუთ დიდ ქალაქში და 2/1 პროპორციას ყველა დანარჩენში. 2.5% ბარიერს თბილისში, 3% ბარიერს ყველგან თბილისს გარეთ. ასევე, ქართული ოცნების 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დანიშნულიყო 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ მიიღებდა პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს.

საბოლოოდ, მმართველი ძალა გავიდა შეთანხმებიდან და დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. გავიდა მას შემდეგ, რაც დაინახა, რომ არსებობდა 43%-ის აღების მინიმალური შანსი. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა ის მარტივი მოცემულობა, რომ მმართველი პარტიის ვექტორი არ არის პროდასავლური.

 

რა არის გამოსავალი?

განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში ავტორიტარული გამოვლინებები საგრძნობლად შესამჩნევია. რეჟიმის დროს კი რთულია, ვისაუბროთ ხელისუფლების დანაწილების მექანიზმებზე, ქმედით საარჩევნო რეფორმაზე და სტაბილურ პოლიტიკურ გარემოზე. პიროვნების კულტი და მისი ავტორიტეტის უსაზღვროობაც ხომ ერთგვარი მანიშნებელი იმისა, რომ სერიოზული საშიშროებაა სამ შტოს შორის მიჯნა მოიშალოს და ის სრულად მოექცეს ერთი ადამიანის გავლენის ქვეშ. საქართველოში აღმასრულებელ ორგანოს დაკარგული აქვს გამწონასწორებლის ფუნქცია, თანაც, რეალურად, დასაბალანსებელიც არაფერი აქვს, რადგან თავად საკანონმდებლო ორგანოა ქმედუუნარო, ისევე, როგორც სასამართლო ხელისუფლებაა სრულად პოლიტიზირებული. მმართველობა აბსოლუტურადაა მორგებული ადამიანის, ან ადამიანთა მცირე ელიტარული ჯგუფის კერძო ინტერესებს. შესაბამისად, ხელისუფლების დაუბალანსებლობა ხდება არა მხოლოდ საარჩევნო სისტემაში არსებული პრობლემებით, არამედ იმ მიზეზითაც, რომ სახელისუფლებო შტოები ვერ უზრუნველყოფენ წარმომადგენლობითობას. 

მნიშვნელოვანია, სხვადასხვა ქმედითი მექანიზმით გაიზარდოს შიდაპარტიული დემოკრატიის ინდექსი, რომლისგანაც საქართველო საკმაოდ შორს დგას. ცხადია, პრობლემის საწყისი ცალსახადაა საბჭოთა ტოტალიტარულ მარწუხებში საძიებელი, ვინაიდან, პიროვნების კულტი და მოსაზრება, რომ ეპოქას ქმნიან არა ადამიანები, არამედ ლიდერები, იმდენად ლოგიკურად ებმის ამ დაუსრულებელ ჯაჭვს, რომ საზოგადოებამ ეს მიიღო რეალურ მოცეულობად. აუცილებელია, საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს და მოწესრიგდეს ურთიერთდამოკიდებულება პარტიულ წესდებებსა და პოლიტიკურ ქმედებათა შორის, რათა მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან საზოგადოებაში ცრუ მოლოდინების ჩამოყალიბების ალბათობაც.

სავარაუდოა, რომ საქართველოსთვის ყველაზე ოპტიმალური საარჩევნო სისტემა პროპორციული ტიპის წარმომადგენლობითობას ითვალისწინებს, მაგრამ საკითხავია, თუ როგორი სახის პროპორციულ სისტემაზე უნდა შეჯერდეს საზოგადოება. ვფიქრობ, რეგიონალურ-პრეფერენციული, იგივე პრეფერენციულ-პროპორციული, სისტემა მაქსიმალურად შეამცირებს პოლარიზაციის ხარისხს და ქვეყანას დააახლოებს დასავლურ იდეალებს. ის ღია სიების პროპორციულ წარმომადგენლობითობაზე იქნება დაფუძნებული, ამომრჩეველი გამოხატავს პრეფერენციას როგორც პარტიის, ისე კანდიდატის/კანდიდატების მიმართ მოცემული პარტიული სიიდან, შესაბამისად, კანდიდატებს მიანიჭებს რიგით ნომრებს და თავად დაადგენს პირთა თანმიმდევრობას. ეს გამორიცხავს იმ მავნე პრაქტიკას, რასაც ლიდერის გარშემო გაერთიანებული პარტიების არსებობა ჰქვია და ასევე, ამომრჩეველს მისცემს შესაძლებლობას, თავად დააკომპლექტოს პარტიული სიები, რაც, ასევე, გაზრდის ჯანსაღ კონკურენციას პარტიის შიგნითაც. ამის გარდა, პრეფერენციული ტიპის პროპორციული წარმომადგენლობა შეამცირებს ხმების გაყალბების ალბათობასაც.

საარჩევნო ბარიერი უნდა იყოს 2%-დან  3%-მდე, ამით თავიდან ავირიდებთ სიჭრელეს საკანონმდებლო ორგანოს შიგნით და რადიკალურ, პრორუსულ, ფაშისტურ დაჯგუფებებსაც არ მივცემთ საშუალებას პარლამენტი მიზანმიმართულად გახადონ დესტრუქციული. მნიშვნელოვანია, პრეზიდენტის არჩევის წესი იყოს პირდაპირი, ვინაიდან, არაპირდაპირი გზით არჩევა შეამცირებს პირველი პირის ლეგიტიმაციის ხარისხსა და მოქალაქეთა სანდოობას. ეს გახდება წინაპირობა გადაწყვეტილებების კულუალურად აღსრულებისა, რაც თავისთავად გააქრობს ზღვარს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებს შორის და სრულად მოსპობს საპარლამენტო რესპუბლიკის მთლიან კონცეფციას.

და მაინც, მანამ, სანამ ისევ ვებრძვით ამომრჩეველთა მოსყიდვის, საარჩევნო კარუსელების, ე.წ ძველი ბიჭების მობილიზების მანკიერ პრაქტიკას, საარჩევნო სისტემის რეფორმირებაზე საუბარი საჭირო, მაგრამ ჯერ კიდევ უტოპიურ იდეალად რჩება.


 'აღნიშნული ესე შეიძლება არ წარმოადგენდეს ფრანკლინის კლუბის ოფიციალურ პოზიციას. ესე დაწერილია ფრანკლინის კლუბის პროექტ ფრანკლინის თავისუფლების მცველების ფარგლებში.'