ფრანკლინის კლუბი: ცვლილება მანკიერ სისხლისსამართლებრივ პრაქტიკაში

571 002 733
[email protected]

Are not registered yet? Sign up

To confirm your registration, please check your email for a message from us with further details.

ცვლილება მანკიერ სისხლისსამართლებრივ პრაქტიკაში

ივნ 14, 2022 blog გიორგი ლომიძე

2022 წლის 18 თებერვალს სახალხო დამცველმა მიმართა საქართველოს პარლამენტის თამჯდომარე ბატონ შალვა პაპუაშვილს წერილით (N 15-2/2008), სადაც მითითებული იყო, რომ 2021 წლის განმავლობაში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს მიმართეს პატიმრობაში მყოფმა ბრალდებულებმა, რომელთა მიმართ გამომძიებლის/პროკურორის დადგენილებით გამოყენებული იყო სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა. ბრალდებულთა განცხადებით, პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრაციები აღნიშნულ შეზღუდვას ავრცელებდნენ ადვოკატებზეც, რის გამოც პატიმრები ვერ ახერხებდნენ ადვოკატებთან სატელეფონო საუბრით სარგებლობას. პენიტენციური დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, 2020- 2021 წლების მანძილზე სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა გამომძიებლის/პროკურორის დადგენილებით გამოყენებული იყო 908 ბრალდებულის მიმართ, რაც მოცემული საკითხის მნიშვნელობაზე დამატებით მიუთითებს - აღნიშნავს სახალხო დამცველი წერილში. აღნიშნული პრაქტიკა მოქმედებს ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში. ბრალდებულებს, რომელთა მიმართ გამოყენებულია გამომძიებლის/პროკურორის მიერ სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა, ადვოკატთან ტელეფონით დაკავშირების შესაძლებლობა არ ეძლევა არც ერთ პენიტენციურ დაწესებულებაში. აღნიშნულის მიზეზი იდენტურია - ადვოკატი არ არის მითითებული საგამონაკლისო აბონენტთა ჩამონათვალში, რომელთან დაკავშირებაც ბრალდებულებს შეუძლიათ მათთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვის პერიოდში. აღნიშნული ვითრება მნიშვნელოვნად არღვევს ათასამდე ბრალდებულის უფლებას, რაც არსებითი გამოწვევაა ქვეყნი სწორი სამართლებრივი სისტემის მშენელობისათვის. 

სამართლიანი სასამართლოს უფლება თავის თავში გულისხმობს პირის უფლებას, ჰქონდეს შესაძლებლობა მიმართოს სასამართლოს საკუთარი უფლებების დაცვის მოთხოვნით. აღნიშნული გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, პირს აქვს უფლება, თუნდაც იგი იყოს ბრალდებული, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, მხარდაჭერის მიმღები თუ ა.შ. სასამართლოს გზით მოახდინოს როგორც საკუთარი უფლებების დაცვა, ასევე მათი განხორციელება და შელახული უფლებების აღდგენა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩანაწერი საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც ადგენს შემდეგს - ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.

სამართლიანი სასამართლოს უფლებამოსილების განსახორციელებლად აუცილებელია პროცესში მონაწილე მხარეებს ჰქონდეთ საკუთარი პოზიციის ადეკვატურად დაცვისათვის უზრუნველყოფილი პირობები, კერძოდ, მათ შორის ხელმისაწვდომობა ადვოკატზე და მისი მომსახურებითა და დახმარებით სარგებლობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე შეეხება სისხლის სამართალწარმოებას, სადაც ბრალდების მხარედ სახელმწიფო გამოდის, ხოლო მეორე მხარედ ფიზიკრი პირი, რომელსაც ხშირ შემთხვევაში არ გააჩნია სათანადო იურიდიული განათლება საკუთარი პოზიციის ადეკვატურად დასაცავად, რაც საჭიროებს ადვოკატის დახმარებას. 

დღეს არსებული „პატიმრობის შესახებ კანონი“ კი ბრალდებულს ცალკეულ შემთხვევაში პროკურორის ან გამომძიებლის გადაწყვეტილებით უზღუდავს ადვოკატთან წვდომის უფლებას, რაც წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლების ხელყოფას.

სწორედ ბრალდებულის სამართლებრივი უფლებების დასაცავად საქართველოს სისხლის სამართლის პრინციპები უზრუნველყოფს ბრალდებულისათვის ადვოკატთან კონტაქტში ხელის შეშლის აკრძალვას, რათა დაცული იყოს პროცესის მონაწილეთა უფლებრივი თანასწორობა. ბრალდებულისა და ადვოკატის ურთიერობის გარანტიებს ადგენს საქარველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის მე-5, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 43 და 38-ე მუხლის მე-5, მე-6  ნაწილები. ასევე ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“, „ც“ და გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტები და თავად პატიმრობის შესახებ კანონის მე-18 მუხლის პირველი ნაწილი. რომელთაც დეტალურად ქვემოთ მსჯელობისას განვიხილავთ.

მაგრამ საქართველოს პატიმრობის კოდექსის 551 მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ თავისუფლების აღვეთის დაწესებულებაში მომხდარი დანაშაულის ჩადენის საფუძველზე პატიმრობის დაწესებულებაში გადაყვანილ მსჯავრდებულთან მიმართებით გამომძიებლის/ პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით შეიძლება შეეზღუდოს პაემნის, სატელეფონო საუბრისა და მიმოწერის უფლებები. ამავე მუხლის მე-5 ნაწილი კი მიუთითებს, რომ გამომძიებლის/პროკურორის მიერ მსჯავრდებულისთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არ ვრცელდება მსჯავრდებულის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე დაკავშირების შემთხვევებზე. ამასთან, იმავე კოდექსის 79-ე მუხლის მე-21 ნაწილი ასევე ადგენს, რომ გამომძიებლის ან პროკურორის მიერ ბრალდებულისთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არ ვრცელდება ბრალდებულის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე დაკავშირების შემთხვევებზე. 

აღნიშნულ შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობა შეიცავს გარკვეულ ბუნდოვანებას, რადგან ჩამონათვალში არაა მითითებული ადვოკატი, რომელზეც არ გავრცელდება აღნიშნული შეზღუდვა. ეს კი პენიტენციურ დაწესებულებას აძლევს უფლებას, ბრალდებული არ დააკავშირონ ადვიკატთან.

 ადვოკატთან კომუნიკაციის აკრძალვა არღვევს ბრალდებულის ისეთ უფლებებს, როგორებიცაა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილი (დაცვის უფლება გარანტირებულია. ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით, აგრეთვე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში − წარმომადგენლის მეშვეობით. ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება გარანტირებულია კანონით), ასევე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 43-ე მუხლით გარანტირებულ უფლებებს, როგორებიცაა 43 (1) - ბრალდებულის ურთიერთობა მის ადვოკატთან კონფიდენციალური და თავისუფალია; 43 (2) - კონფიდენციალურია ასევე პირის ბრალდებულად ცნობამდე მისი ურთიერთობა მის შესაძლო ადვოკატთან; 43 (3) - დაკავებული ან დაპატიმრებული ბრალდებულის ურთიერთობა მის ადვოკატთან შესაძლებელია შეიზღუდოს მხოლოდ ვიზუალური მეთვალყურეობით. ასევე, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ყოველ ბრალდებულს აქვს, სულ მცირე, შემდეგი უფლებები: ჰქონდეს საკმარისი დრო და საშუალებანი საკუთარი დაცვის მოსამზადებლად და ამავე მუხლის ამავე პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის საფუძველზე - დაიცვას თავი პირადად ან მის მიერ არჩეული დამცველის მეშვეობით ან, თუ მას არ გააჩნია საკმარისი საშუალება იურიდიული მომსახურების ასანაზღაურებლად, უფასოდ ისარგებლოს ასეთი მომსახურებით ხაზინის ხარჯზე, როდესაც ამას მოითხოვს მართლმსაჯულების ინტერესები; ამასთან, გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ თითოეულ პირს უფლება აქვს მისთვის წაყენებული სისხლის სამართლის ბრალდების განხილვისას, როგორც მინიმუმი, სრული თანასწორობის საფუძველზე, მიიღოს ისეთი სახის გარანტიები, როგორიცაა ჰქონდეს საკმარისი დრო და შესაძლებლობა, რათა მოემზადოს თავის დასაცავად და შეხვდეს მის მიერ არჩეულ დამცველს.

გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში მყოფ პირს, საკუთარი უფლებების დაცვა, საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვება  შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ ადვოკატის მეშვეობით, რადგან მას ისედაც შეზღუდული აქვს წვდომა გარე სამყაროსთან. შესაბამისად, ერთადერთი პირი, ვისი მეშვეობითაც იგი შეძლებს საკუთარი უფლებების დაცვას და რეალიზებას არის ადვოკატი, რომელიც მას წარმოადგენს არა მხოლოდ სასამართლოში, არამედ დაიცავს მის უფლებებს, რომლებიც გარანტირებული აქვს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონმდებლობითა თუ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ხელშეკრულებებით, რომელთა წევრიც არის საქართველო.

იმის ნათელსაყოფად, თუ რა მჭიდრო კავშირი არსებობს ბრალდებულსა და მის ადვოკატს შორის, შეგვიძლია მოვიშველიოთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რომელიც საკმაოდ მკაფიოდ გამოხატავს მათი ურთიერთობის აუცილებლობასა და მნიშვნელოვნობას. მაგალითად აღნიშნული კოდექსის 38-ე მულის მე-7 ნაწილი ბრალდებულს ანიჭებს უფლებას დამოუკიდებლად ან ადვოკატის მეშვეობით ჩაატაროს გამოძიება, კანონიერად მოიპოვოს და წარადგინოს მტკიცებულება. მიიღოს მისი ან/და მისი ადვოკატის შუამდგომლობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში; მოითხოვოს ადვოკატის დასწრება მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების დროს. თუ ბრალდებულს შეზღუდული ექნება უფლება, აწარმოოს დაუბრკოლებელი საუბარი საკუთარ ადვოკატთან, მაშინ ცალსახაა, რომ ეს უკანასკნელი ჯეროვნად ვერ განახორციელებს იმ უფლებამოსილებებს, რომლებიც ზემოთაა ჩამოთვლილი. მაგალითად, ვერ აცნობებს ბრალდებულს მოპოვებული მტკიცებულებების შესახებ და ვერც ბრალდებული შეძლებს ადვოკატთან კოორდინირებულად მოქმედებას რათა მისი სამართლებრივი უფლებები იყოს მაქსიმალურად დაცული. ასევე, ისინი ვერ შეძლებენ მიიღონ მონაწილეობა ერთობლივად მონაწილეობის მიღებას ადვოკატის შუამდგომლობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში, რადგან მათ შორის კომუნიკაცია იქნება შეზღუდული. აღნიშნული კი აშკარად მიუთითებს ბრალდებულის უფლებების არაპროპორციულ შეზღუდვაზე, რადგან მას აღარ ეძლევა შესაძლებლობა განახორციელოს ის მოქმედებები, რომელიც გარანტირებულია ზემოაღნიშნულ მუხლში.

ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ბრალდებულისა და მისი ადვოკატის ურთიერთობას სრულად კონფიდენციალურად აცხადებს (სსსსკ-ის 38-ე მუხლის მე-5 ნაწილი). ცალსახაა, რომ კანონმდებლის აღნიშნული დათქმა გამომდინარეობს ბრალდებულსა და მისი ადვოკატს შორის ყოველგვარი წინააღმდეგობის აღმოსაფხვრელად, რათა ბრალდებულმა არ შეიკავოს თავი ადვოკატისათვის საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაზიარებისაგან და პირიქით, არც ადვოკატმა შეიზღუდოს თავი ბრალდებულისათვის რაიმე სახის ინფორმაციის გაზიარებისაგან. აღნიშნულ უფლებაში ჩარევა და შეზღუდვა კი ცალსახად შეუშლის ხელს ბრალდებულისა და ადვოკატის ურთიერთობას, რაც ასევე პირდაპირ და უშუალო ზეგავლენას იქონიებს სისხლის სამართლის პროცესის სამართლებრივ მიმდინარეობაზე და პროცესის მონაწილე მხარეთა თანასწორუფლებიანობაზე. 

აღსანიშნავია აგრეთვე ისიც, რომ ბრალდებულის ქმედუნარიანობა ისედაც შეზღუდულია საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნისას და აღნიშნული დანაკლისის აღმოსაფხვრელად, რათა იგი სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის თანასწორად წარდგეს, წარმოადგენს ადვოკატი, რომელიც იძიებს და აორგანიზებს იმ სამართლებრივ საკითხებს, რომელთაც ბრალდებული დამოუკიდებლად ვერ განახორციელდებოდა და აღმოჩნდებოდა ბრალდების მხარესთან არათანაბარ მდგომარეობაში. ეს კი წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული უფლების არაპირდაპირ დარღვევას, რომელიც საქართველოში სამართალწარმოებას უშვებს მხოლოდ და მხოლოდ მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. თანასწორობა აღნიშნულ შემთხვევაში მოიცავს მხარეთა თანასწორობას შესაძლებლობებში, რომ მათ ჰქონდეთ თანაბარი ან მასთან მაქსიმალურად მიახლოებული შესაძლებლობები, რათა სასამართლო სხდომაზე ჰქონდეთ მტიცებულებების წარდგენისა და საკუთარი თავის დასაცავად თანაბარი შესაძლებლობების მიცემას. განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ის შემთხვევაც, რომ სისხლის სამართალწარმოებაში ბრალდების მხარედ გამოდის სახელმწიფო, რომელიც აღნიშნული სპეციალობის გზით უფრო კვალიფიციურ წარმომადგენლობას ახორციელებს, ხოლო ბრალდებული ხშირ შემთხვევაში დამოუკიდებლად ვერ ახორციელებს საკუთარი თავის დაცვას სისხლის სამართლის სპეციალობის არ ცოდნის გამო, რაც არ წარმოადგენს მის ვალდებულება. სწორედ ამიტომაა, რომ მას საკუთარი თავის დასაცავად და სასამართლო სხდომაზე მხარეთა თანასწორობის უფლების განსახორციელებლად სჭირდება ადვოკატი, მასთან ურთიერთობის შეზღუდვა კი პირდაპირ არღვევს მხარეთა შეჯიბრებითობის უფლებას.

ამასთან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-5 ნაწილი ადგენს, რომ დაუშვებელია ბრალდებულისა და მისი ადვოკატის ურთიერთობის ისეთი შეზღუდვის დაწესება, რომლებიც ხელს შეუშლის დაცვის სათანადო განხორციელებას. სადავო ნორმა (პატიმრობის შესახებ 79-ე მუხლის მე-21 ნაწილი კი ასეთ ურთიერთობას ზღუდავს, რადგან ბრალდებულს არ აქვს საკუთარ ადვოკატთან დაკავშირების, მასთან საუბარის, საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებებისა და ფაქტების გაცვლის, ასევე მტკიცებულებების მოპოვებისა და მათ შესახებ ინფორმაციის ურთიერთშორის გაცვლისა და კოორდინაციის შესაძლებლობა. შესაბამისად სადავო ნორმა პირდაპირ უზღუდავს ბრალდებულს იმ უფლებებს, რომლებიც გათვალისწინებულია საქარველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის მე-5, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 43 და 38-ე მუხლის მე-5, მე-6  ნაწილებში, ასევე ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“, „ც“ და გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტებს. 

აღსანიშნავია ისიც, რომ თავად საქართველოს პატიმრობის კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს ბრალდებულის უფლებას, შეხვდეს ადვოკატს ჩარევისა და შეზღუდვის გარეშე. აღნიშნულ შემთხვევაში აშკარაა კანონმდებლის მიზნია, რომ დაიცვას ამ უკანასკნელთა ურთიერთობის კონფიდენციალურობა, რათა მათ შორის არსებობდეს ნდობა, რაც ასე მნიშვნელოვანია თანამშრომლობისა და სასამართლო სხდომაზე შეჯერებული წარმომადგენლობისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ბრალდებულსა და მის ადოკატს შორის არ არსებობს ურთიერთ ნდობა ან  სათანადო ურთიერთკავშირი , აშკარაა, რომ მხარე ვერ განახორციელებს ეფექტურ დაცვას, რაც დაარღვევს სასამართლო პროცესზე მხარეთა  თანასწორობის იმ უფლებას, რაზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ. 

აღსანიშნავია კანონმდებლის მიზნის გამოკვეთა იმ მხრივაც, რომ პატიმრობის შესახებ კანონი პატიმრობაში მყოფი პირის ადვოკატთან შეხვედრას არ განიხილავს პირად პაემნად ( პატიმრობის შესახებ კანონის მე-18 მუხლის მე-3 ნაწილი). შესაბამისად, ცალსახაა, რომ კანონმდებლის მიზნია პატიმრობაში მყოფი პირი მაქსიმალურად უზრუნველყოს ადვოკატთან ისეთი სახის ურთიერთობით, რომლის ფარგლებშიც მაქსიმალურად იქნება დაცული მისთვის იურიდიული დახმარების გაწევა, რომლის გარეშეც იქი ფაქტობრივად სამართლებრივად დაუცველი ხდება. განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მის საპირისპიროდ, ბრალდების მხარედ სახელმწიფო გამოდის და არა კარძო პირი, რაც კიდევ უფრო ცხადჰყოფს ბრალდებულისათვის კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებების განუხრელი დაცვის ვალდებულებას, რათა ამ უკანასკნელის უფლებები არ შეიზღუდოს არამართლზომიერად. 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის პრინციპები ადგენს ბრალდებულისა და მისი ადვოკატის ურთიერთობისათვის მაქსიმალურად ხელსაყრელი და უზრუნველყოფილი გარემოს შექმნას, რათა გარანტირებული იყოს დაცვის მხარის მიერ სასამართლო პროცესზე დაცვის უფლებამოსილების სათანადოდ განხორციელება. სადავო პატიმრობის შესახებ საქართველოს კანონის 551 მუხლის მე-3 ნაწილი და 79-ე მუხლის 22 ნორმა კი აწესებენ აღნიშნული პრინციპებისა და ნორმების საწინააღმდეგო წესს, რომელიც პროკურორს/გამომძიებელს ანიჭებს უფლებას, მოტივირებული გადაწყვეტილებით შეიძლება მსჯავრდებულს შეეზღუდოს პაემნის, სატელეფონო საუბრისა და მიმოწერის უფლებები, რაც ვრცელდება მათ შორის ადვოკატზე, მაგრამ არ ვრცელდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურთან, საქართველოს სახალხო დამცველთან და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან კავშირზე. აღნიშნული კი წარმოადგენს ბრალდებულის იმგვარი უფლებების დარღვევას, რომლებიც დაცულია საქარველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის მე-5, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 43 და 38-ე მუხლის მე-5, მე-6  ნაწილებით. ასევე ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“, „ც“ და გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტებითა და თავად პატიმრობის შესახებ კანონის მე-18 მუხლის პირველი ნაწილით. 

ყოველივე აქედან გამომდინარე, ცალსახაა, რომ ქართული მანკიერი სისხლისსამართლებრივი პრაქტიკა საჭიროებს ცვლილებებს „პატიმრობის შესახებ კოდექსში“, კერძოდ „პატიმრობის შესახებ“ კოდექსის 79-ე მუხლის მე-21 ნაწილის ჩანაწერში არსებულ ჩამონათვალს: „გამომძიებლის ან პროკურორის მიერ ბრალდებულისთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არ ვრცელდება ბრალდებულის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე დაკავშირების შემთხვევებზე“, უნდა დაემატოს „ადვოკატიც“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გამომძიებლის ან პროკურორის მიერ ბრალდებულისთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არ ვრცელდება ბრალდებულის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველის, ადვოკატის/ადვოკატებისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე დაკავშირების შემთხვევებზე“. აღნიშნულ შემთხვევაში პირის კონსტიტუციითა და სხვადასხვა საერთაშორისო აქტებით გათვალისწინებული, სამართლიანი სასამართლოს უფლება გარანტირებული იქნება იმ ათასამდე ადამინისათვის, რომლებიც დღეს ფაქტობრივად მოკლებულნი არიან აღნიშნული უფლებით სარგებლობას.

 'აღნიშნული ესე შეიძლება არ წარმოადგენდეს ფრანკლინის კლუბის ოფიციალურ პოზიციას. ესე დაწერილია ფრანკლინის კლუბის პროექტ ფრანკლინის თავისუფლების მცველების ფარგლებში.'