ფრანკლინის კლუბი: საჯარო სამსახურის შესახებ რეფორმის მიმოხილვა

571 002 733
[email protected]

Are not registered yet? Sign up

To confirm your registration, please check your email for a message from us with further details.

საჯარო სამსახურის შესახებ რეფორმის მიმოხილვა

ივნ 17, 2022 blog ნინა ქერდიკაშვილი

 მიუკერძოებელი და გამჭვირვალე საჯარო სამსახური შექმნა ჩვენი ქვეყნისათვის ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს. ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების 2017-2020 წლების დღის წესრიგი საქართველოს ავალდებულებს: „საჯარო ადმინისტრაციის რეფორმის წარმართვას საჯარო ადმინისტრირების პრინციპებისა და ახლად მიღებული საჯარო სამსახურის შესახებ კანონის შესაბამისად, რომელიც ფოკუსირებული იქნება ... ეფექტური, გამჭვირვალე საჯარო ადმინისტრაციის დაკომპლექტების სისტემის წახალისებაზე...’’

        2012-2015 წლებში ჩატარებული არაერთი კვლევა ცხადყოფს საჯარო სექტორის მანკიერებებს. 2013 წლის მარტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებიდან 6 თვის განმავლობაში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებიდან 5 ათასზე მეტი მოსამსახურე გაათავისუფლეს, რაც ეჭვს ბადებს აღნიშნული პირების უკანონო განთავისუფლების შესახებ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ასევე საუბრობს ამ პერიოდში ნეპოტიზმის მაღალ დონესა და არაერთ შემთხვევაზე, რომელშიც სასამართლომ საჯარო სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლების ფაქტი დაადგინა.

       შეგვიძლია არაერთი მსგავსი მაგალითი მოვიყვანოთ, რომელიც ხაზს უსვამს საჯარო სამსახურში იმდროისათვის არსებულ უამრავ პრობლემას. საჯარო სამსახურის ბედი ქრონოლოგიურად რომ განვიხილოთ, 2015 წლის  27 ოქტომბერს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’. კანონის მიზნად განისაზღვრა კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური, საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნის უზრუნველყოფა.

       ვფიქრობ, აღნიშნული კანონის მიღება დადებითად უნდა შეფასდეს მისი მიზნებიდან გამომდინარე. საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, კანონის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს საჯარო სასმახურის მოხელეების მთლიანად გათავისუფლება პარტიული ზეგავლენისაგან. ასევე ნახსენებია თანამდებობებზე კადრების ,,გარედან’’ მოძიების მნიშვნელობა, პროცესები, ეფექტური მართვა,დემოკრატიულობის ხარისხის ზრდა...

     თუმცა, მეორე მხრივ, უნდა გავიაზროთ, თუ რამდენად შეესაბამება აღნიშნული მიზნები დღევანდელ რეალობას, რამდენად მოხდა მათი განხორციელება და იქონია თუ არა აღნიშნულმა რეფორმამ შესაბამისი შედეგები. 

    აღნიშნული რეფორმა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. სახელმწიფოში, სადაც არ გვაქვს საამაყო პოლიტიკური კულტურა და დღემდე აქტუალურია ,,ქართული ჯიგრული პონტის’’ კონცეფცია, მსგავსად დახატული საჯარო სამსახურის სისტემა არც თუ ისე რეალურად გვესახება. 

      შესავალში მოვიყვანე რამდენიმე კვლევის შედეგი და ვისაუბრე საჯარო სექტორში 10 წლის წინ არებულ მდგომარეობაზე. თუმცა ვერ უარვყოფთ, რომ დღესაც არანაკლებ პრობლემებს ვაწყდებით.

      გასაკვირი არ არის, რომ საზოგადოების უდიდეს ნაწილს არ აქვს ნდობა საჯარო სამსახურის მიმართ. ამას განაპირობებს უპირველესად გამჭვირვალობის არარსებობა. აღნიშნულის უზრუნველყოფა კი აღნიშნულმა კანონმა ვერ მოახერხა.

      მაგალითისათვის განვიხილოთ საჯარო სამსახურში თანამდებობაზე დანიშვნის წესი.საჯარო სამსახურის შესახებ კანონი საჯარო მოხელეებს ყოფს 4 რანგად. იერარქიულად, ყველაზე მაღლა დგას 1-ლი, ხოლო ყველაზე დაბლა მე-4 რანგის მოხელე. რანგების ამ კიბის ყველაზე უფრო დაბალ საფეხურზე მდგომ პირს ბუნებრივია, რომ აქვს ნაკლები უფლებები მუშაობის პროცესში, ,,ნაკლები სიტყვა ეთქმის’’ ნებისმიერ საკითხში და უფრო ნაკლები ინფორმაცია აქვს კონკრეტული ორგანოს ფუნქციონირების წესის შესახებ.  მარტივად რომ ავხსნათ, ისინი დგანან საჯარო სამსახურის წინა რგოლზე და ქმედებაში მოჰყავთ ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც იღებენ ზედა რანგის წარმომადგენელი მოხელეები. საჯარო სამსახურის შესახებ კანონი კი სწორედ ამ, მე-4 რანგის მოხელეების შერჩევას გვთავაზობს ღია წესით. ხოლო ის რანგები, რომლის წარმომადგენელი პირებიც რეალურად იღებენ გადაწყვეტილებებს და წარმართავენ კონკრეტული ორგანოს მუშაობას კონკრეტული ფორმით, არჩეული არიან დახურული კონკურსით.

      ერთი შეხედვით, აღნიშნული წესი შესაძლოა დიდ პრობლემად არც მოგვეჩვენოს. თუმცა მაგალითისათვის წარმოვიდგინოთ იურისტი, თუნდაც მრავალწლიანი აკადემიური და პრაქტიკული გამოცდილებით. თუ აღნიშნულ კანდიდატს დაკავებული არ აქვს რომელიმე კანდიდატურა საჯარო სექტორში არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში, მას უფლება აქვს მხოლოდ მე-4 რანგის მოხელის ვაკანსიაზე გამოცხადებულ კონკურსში მიიღოს მონაწილეობა. მარტივი სავარაუდოა, რომ თუნდაც კერზო სექტორში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პირი მე-4 რანგის ვაკანსიას დაიკავებს, სადაც დაბალია როგორც თვითრეალიზაციის საშუალება ასევე თანამდებობრივი სარგოც. შედეგად, მრავალი მსგავსი გამოცდილ და მცოდნე სპეციალისტს აღნიშნული კანონი არ აძლევს შესაბამისი თანამდებობის დაკავების თუნდაც თეორიულ უფლებას. კადრების შერჩევა ხდება შიგნით, ჩაკეტილ სივრცეში რაც რასაკვირველია ნაკლებად ეფექტური იქნება. 

      ასევე საჭიროა რომ გვქონდეს მაღალი რანგის მოხელეების შერჩევის პროცესის მეტი გამჭვირვალეობა. თავად საჯარო დაწესებულებების ინტერესებს უნდა წარმოადგენდეს ამ პროცესის მოქალაქეებამდე მიტანა.მაგალითისთვის, პირველი რანგის მოხელეებს წარმოადგენენ პირები, რომლებიც ახორციელებენ საჯარო დაწესებულების საქმიანობის სფეროს მიკუთვნებული მიმართულების ზედამხედველობისა და კოორდინირებას. როცა საქმე გვაქვს ამ მნიშვნელობის უფლებების მინიჭებასთან, აუცილებელია, რომ ეს პროცესიც იწვევდეს სანდოობას მოქალაქეებში, რომელთა ნდობაც პრიორიტეტული უნდა იყოს საჯარო სექტორისთვის. 

        როგორც უკვე აღვნიშნე, ახალი საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მიღება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენი ქვეყნის ახლო წარსულში. საერთო ჯამში, არნიშნული სფეროს მოწესრიგებაზე ფიქრისა და მუშაობის დაწყება, ბუნებრივია დადებითად უნდა შეფასდეს. დღეისათვის კი, ამ მხრივ, ჩვენს პრიორიტეტად რჩება როგორც კანონის ასევე ფაქტობრივი მდგომარეობის იმგვარად დახვეწა, რომ საბოლოოდ მივიღოთ სტაბილური, ეფექტური და დამოუკიდებელი საჯარო სამსახური.  





















გამოყენებული ლიტერატურა

 

საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ 

https://matsne.gov.ge/ka/document/view/3031098?publication=37

საქართველოს მთავრობის დადგენილება საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის დამტკიცებისა და მასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

https://matsne.gov.ge/ka/document/view/2582658?publication=0

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“. უკანონო გათავისუფლებები საჯარო სამსახურში: სასამართლოს გზით აღდგენილი უფლებები. 2015 წელი http://www.transparency.ge/node/5412

'აღნიშნული ესე შეიძლება არ წარმოადგენდეს ფრანკლინის კლუბის ოფიციალურ პოზიციას. ესე დაწერილია ფრანკლინის კლუბის პროექტ ფრანკლინის თავისუფლების მცველების ფარგლებში.'