ფრანკლინის კლუბი: სახელმწიფო აქტივების პრივატიზაცია

571 002 733
[email protected]

Are not registered yet? Sign up

To confirm your registration, please check your email for a message from us with further details.

სახელმწიფო აქტივების პრივატიზაცია

ივნ 17, 2022 blog ნიკა ბერიაშვილი

პრივატიზაცია თავის არსში მოიცავს საერთო(საჯარო) მფლობელობაში არსებული ეკონომიკური აქტივების განკერძოების პროცესს და ის განსაკუთრებით აქტუალურია პოსტ საბჭოთა ქვეყნებში, სადაც მთლიანი ეკონომიკური აქტივების თითქმის მთლიანი წილი სახელმწიფო საკუთრებაში იყო. კერძო საკუთრების პირობებში მესაკუთრე თავად არის პასუხისმგებელი მის აქტივზე და აქტივიდან მიღებული მოგებაც თავად მესაკუთრესია, მოგების წყურვილით კი კერძო მესაკუთრეს ეძლევა სტიმული მაქსიმალური გააკეთოს მისი აქტივის ზრდისა და განვითარებისათვის. სწორედ ეს სტიმულია იმ შედეგის განმსაზღვრელი რაც ნათლად გვანახებს კერძო საკუთრების ფორმის დომინანტურ ეფექტიანობას სახელმწიფო და სხვა საკუთრების ფორმებთან შედარებით. საკუთარ საკუთრებას ყველა უფრთხილდება და ავითარებს, ხოლო საერთო საკუთრებას ადამიანები არც უფრთხილდებიან და არც მის განვითარებაზე ზრუნავენ. ამასთან, როცა კერძო საკუთრების პირობებში აქტივზე პასუხისმგებელი პირი კონკრეტულადაა განსაზღვრული სხვა საკუთრების ფორმებში პასუხისმგებლობა ქრება და იფანტება. პრივატიზაცია ხელს უწყობს აქტივის მომგებიანობის ზრდას, ეკონომიკურ ზრდას, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდას, სამუშაო ადგილების შექმნას და სხვა. ქვეყნები, რომლებიც სწრაფად და მნიშვნელოვნად ზრდიან ეკონომიკაში კერძო საკუთრების წილს 0.8-1.5%-ით უფრო სწრაფი ეკონომიკური ზრდით ხასიათდებიან. სოციალიზმის დასრულების შემდეგ ჩეხეთში, უნგრეთსა და პოლონეთში პრივატიზებული კომპანიების მოგება რამდენიმე წელიწადში საშუალოდ 77%-ით გაიზარდა. 45 ქვეყნის მონაცემებზე დაყრდნობით რესურსების პრივატიზაციის შემდეგ ამ რესურსებით გამომუშავებული მოგება საშუალოდ 45%-ით იზრდება. ევროპულ და დასავლურ ქვეყნებში მთლიან ეკონომიკურ აქტივებში  კერძო საკუთრების წილი მნიშვნელოვნად დომინანტურია სახელმწიფო საკუთრებასთან შედარებით. რა მდგომარეობაა ამ კუთხით საქართველოში? მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში პრივატიზაციას 30 წლიანი ისტორია აქვს და მისი რამდენიმე ეტაპი უკვე გავიარეთ თავდაპირველად 90-იან წლებში, შემდეგ 2000-იან წლებში, ხოლო პრივატიზაციის მოცულობა განსაკუთრებით გაიზარდა ვარდების რევოლუციის შემდეგ და პრივატიზაცია  დღემდე მიმდინარეობს, მთლიანი ეკონომიკური აქტივების დაახლოებით 70% ჯერ კიდევ სახელმწიფო საკუთრებაში რჩება. მთავარი ამბავი ამ შედეგისა პრივატიზაციის ნელი ტემპია.

2021 წელს სახელმწიფო ქონების განკერძოების გეგმა რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტში 350 მილიონი ლარის მიღებას ითვალისწინებდა ვერ შესრულდა. 2021 წელს პრივატიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა 212.6 მილიონი ლარი შეადგინა. ხოლო, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე დაყრდნობით ვიგებთ რომ მიმდინარე წელს პრივატიზაციის გეგმა 300 მილიონი ლარია. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 2022 წელს იგეგმება 25 საწარმოში სახელმწიფო კუთვნილებაში არსებული აქციების პაკეტებისა და წილების პრივატიზაცია. პრივატიზაციისთვის გამოტანილი აუქციონების უდიდეს ნაწილს ძირითადად სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო მიწები და მათზე განთავსებული შენობები მოიცავს.

დაანონსებული პრივატიზაციის 2022 წლის 300 მილიონიანი გეგმა ზღვაში წვეთია. სხვადასხვა კვლევებით სახელმწიფო ქონება ჯამში რამდენიმე ტრილიონ აშშ დოლარს აღწევს და მათი დიდი უმრავლესობა უბრალოდ გაყინულია და ეკონომიკაში არ მონაწილეობს. პრივატიზაციის არსებული ტემპი დროში ძალიან გაწელილია. არსებული ტემპით მინიმუმ 150 წელი სჭირდება სახელმწიფო ქონების სრულად პრივატიზაციას. ამ გზით პრივატიზაციის დადებითი ეფექტები არ არის მასშტაბური. მეორე მნიშვნელოვანი პრობლემაა პრივატიზაციის ფორმა. ფულზე პრივატიზაცია მთელი რიგი გარემოებებიდან გამომდინარე არასამართლიანია. საქართველოს მოქალაქეები სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ეკონომიკური აქტივების სამართალმემკიდრეები არიან. არსებული პრივატიზაციის პროცესებიდან კი საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილი საერთოდ გამოთიშულია. ამის მთავარი მიზეზი საქართველოს მოსახლეობის სიღარიბეა.  ფულზე პრივატიზაციის გზით ამ აქტივებზე დაუფლებას მხოლოდ და მხოლოდ ის ხალხი ახერხებს ვინც ისედაც ფლობს საკუთრებებს, აქვთ მაღალი შემოსავლები და დანაზოგები. ამასთან, რომ გადავხედოთ ხალხსა და ბიზნესებს თუ ვის საკუთრებაში გადადის განკერძოებული ქონება, აუცილებლად წავაწყდებით რომ ამ ფიზიკურ პირებსა თუ ბიზნეს სუბიექტებში მნიშვნელოვან წილად გამოერევიან მმართველ პარტიასთან დაახლოებულნი და მათი შემომწირველები.

არსებული ფორმით პრივატიზაციას კიდევ უამრავი პრობლემა აქვს, მათ შორის: 50 და 100 წლიანი იჯარები, რა შემთხვევაშიც კერძო მესაკუთრე რეალურად არ ხდება აქტივის მფლობელი ის მხოლოდ მისი განმკარგველია და თან ამ აქტივის იჯარას მოჰყვება გარკვეული ვალდებულებებიც. იჯარის შემთხვევებში მნიშვნელოვნად აღარ მუშაობს კერძო საკუთრების უპირატესობანი, ამ გზით მხოლოდ და მხოლოდ პასუხისმგებლობას ვანიჭებს მეიჯარეებს, ხოლო აქტივის განვითარების სტიმულს კერძო საკუთრების ფორმასთან შედარებით ვკლავთ, შესაბამისად ამ ორ ფორმას შორის პირველში ეფექტიანობა იკლებს. ასევე, პრობლემა არის განკერძოებულ აქტივებზე ვალდებულებების მიყოლებაც. როგორ შეიძლება საკუთრებაში ვფლობდე აქტივს და გარეშე პირი მაძალებდეს აქტივის მის ნებაზე გამოყენებას, როცა არავინ იცის კერძო მესაკუთრეზე უკეთ აქტივისგან როგორ არის შესაძლებელი მაქსიმალური სარგებლის მიღება, ამას დამატებული ისიც, რომ არავის აქვს ამის მორალური უფლება გაიძულოს როგორ განკარგო შენს საკუთრებაში არსებული ქონება.

ამასთან, საქართველოში კანონის დონეზე შეზღუდულია ბუნებრივი რესურსების, ტყის ფონდის, სასარგებლო წიაღისეულის, ელექტრო-ენერგეტიკული სექტორის და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გარკვეული კატეგორიის, მაგალითად საძოვრების გაყიდვა და სხვა.

საქართველოში სახელმწიფო საკუთრებაში რჩება:

სასოფლო-სამეურნეო მიწების 59.5-65.7%;

არასასოფლო-სამეურნეო მიწის 100%;

სასარგებლო წიაღისეულის 100% (419+ საბადო);

1400-მდე სამკურნალო მინერალური წყარო;

მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების 100%;

ტყის ფონდის და დაცული ტერიტორიების 100%;

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დაქვემდებარებაში არის 107 საწარმო, მათ შორის 5 გაკოტრების პირასაა - სახელმწიფო საწარმოების მონაცემების ფინანსური ანალიზით დადგენილია, რომ რაც უფრო მაღალია საწარმოში სახელმწიფო საკუთრების წილი, საწარმო მით უფრო ზარალიანია, ხოლო 100%-ით სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი საწარმოები ყველაზე მეტად წამგებიანია.

სახელმწიფო სრულად ან ნაწილობრივ ფლობს 867 ბიზნეს სუბიექტსა და არასამეწარმეო იურიდიულ პირს, მათ შორის - 36 სააქციო საზოგადოება, 353 შპს და 478 არასამეწარმეო იურიდიული.

ასევე სახელმწიფო მფლობელობაშია: სახელმწიფო ფონდები, ტურიზმის სექტორთან დაკავშირებული აქტივები, აეროპორტები, სამინისტროების ბალანსზე არსებული ქონება, სპორტის, კულტურის, განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სექტორთან დაკავშირებული აქტივები; სოფლის მეურნეობის სახელმწიფო მატერიალური აქტივები, გაზისა და ელექტრო მომარაგების ქსელები და კომპანიები; სხვა ნაგებობები და ა.შ.

ყველაზე სამართლიანი და ეფექტიანი გზა სახელმწიფო აქტივების უფასოდ თანაბარ პირობებში თითოეულ მოქალაქეზე პრივატიზაციაა. თავდაპირველად მხოლოდ 1 ტრილიონის აქტივების ჩაშვების პირობებში, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს დაახლოებით 268 000 აშშ ღირებულების აქტივი შეხვდება წილად. მოქალაქეს შეეძლება აქტივის ამუშავება, ხალხის დასაქმება, ინვესტორების დაინტერესება და დამატებითი ფინანსების მოზიდვა, იჯარა/გაქირავება/გაყიდვა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს პროცესი გამოიწვევს მოქალაქეების მომენტალურ ან საშუალოვადიან გამდიდრებას, ეკონომიკაში უმოკლეს დროში შესაძლებელია მინიმუმ ტრილიონი დოლარის კაპიტალის გაცოცხლება, რაც გამოიწვევს სწრაფ ეკონომიკურ ეფექტებსა და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას.

'აღნიშნული ესე შეიძლება არ წარმოადგენდეს ფრანკლინის კლუბის ოფიციალურ პოზიციას. ესე დაწერილია ფრანკლინის კლუბის პროექტ ფრანკლინის თავისუფლების მცველების ფარგლებში.'