ფრანკლინის კლუბი: გენდერული კვოტირება - ეფექტური ხერხი თუ სიმბოლო?

571 002 733
[email protected]

Are not registered yet? Sign up

To confirm your registration, please check your email for a message from us with further details.

გენდერული კვოტირება - ეფექტური ხერხი თუ სიმბოლო?

ივნ 14, 2022 blog ნესტან კალაიჯიშვილი

გენდერული კვოტირება - ეფექტური ხერხი თუ სიმბოლო?

დღეისთვის ალბათ ყველას სმენია საქართველოში სავალდებულო გენდერული კვოტირების შესახებ, რომელიც მიიღეს 2020 წლის ივლისში. ის გულისხმობს გენდერული დისბალანსის აღმოფხვრას პარლამენტში წარმომადგენლობის კუთხით - მას ხშირად  ახასიათებენ, როგორც ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების საუკეთესო ხერხს, ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის შედეგზე ორიენტირებულ „უტყუარ“ იარაღს - ჩემში გულწრფელად იწვევს გაკვირვებას, რომ ამ თემის გარშემო მხოლოდ დადებითი კომენტარები მესმის, და ძალიან იშვიათად თუ დაფიქრდებიან, შეიძლება თუ არა კვოტირების მიზნის მიღწევა სხვა, ბევრად უფრო ნაყოფიერი, სამართლიანი და არადისკრიმინაციული ხერხებით, თუნდაც ეს დისკრიმინაცია პოზიტიური იყოს. 

შეიძლება იკითხოთ, რა შეიძლება იყოს ეს ბევრად ნაყოფიერი და სამართლიანი ხერხი, და რატომ არ მიმაჩნია კვოტირება სამართლიანად? მე ვფიქრობ პრობლემის გადაჭრა მისი გამომწვევი მიზეზიდან უნდა იწყებოდეს, და არა პირდაპირ  „კენწეროდან“ - საქართველოს საკანონმდებლო ორგანოდან.  ნებისმიერი პრობლემის გამოსასწორებლად ჯერ მისი გამომწვევი მიზეზის პოვნას უნდა შევეცადოთ. 

მე არ მინდა, ჩემი ქვეყნის პარლამენტის წევრი მაინც და მაინც რომელიმე გენდერის წარმომადგენელი იყოს, მე მინდა პარლამენტარში განათლებას, იდეებს, ინოვაციურობას ვხედავდე. ჩემთვის პრობლემა არ არის, რომ ქალები არ ინტერესედებიან პარლამენტის წევრობით, ჩემთვის პრობლემა ისაა, თუ რა იწვევს ამ უინტერესობას. რა შეიძლება იყოს ეს? რამ შეიძლება გოგონებს დააჯეროს, რომ მათ არ შეუძლიათ პოლიტიკაში მოღვაწეობა, რომ მათ საკმარისი რესურსი ამისთვის არ გააჩნიათ და მათთვის არსებობს მხოლოდ გარკვეული „როლები“, რომელთა ჩამონათვალშიც პარლამენტარობა არ შედის? პარლამენტში ქალების ნაკლებ რაოდენობას ეს ნამდვილად  არ გამოუწვევია, ეს გამოიწვია საზოგადოების ცნობიერების დაბალმა დონემ, იმან, რომ ჯერ ქვეყანაში ფემინიზმის მეორე ტალღასაც არ ჩაუვლია, ქართველი მშობლები გოგონებს ისევ მოძველებული მეთოდებით ზრდიან, მასწავლებლები ისევ არწმუნებენ გოგოებს, რომ „გოგოს ტვინი“ ტექნიკურ საგნებს ვერ „გასწვდება“ - სად ვეძებოთ ამ პრობლემის მიზეზი, საიდანაც უნდა დავიწყოთ მისი გადაჭრა? მაგალითებს, რომლებიც ვახსენე, მივყავართ საერთო პრობლემამდე - განათლების, ინფორმირებულობის, ცნობიერების საგანგაშოდ დაბალ დონემდე და არ მგონია, ეს პრობლემა პოლიტიკით დაინტერესებულ ქალთა რიცხვის ხელოვნურად გაზრდით გვარდებოდეს.

რას ნიშნავს გენდერული კვოტირების შედეგები და როგორ უნდა გავიგოთ, მუშაობს თუ არა ის ეფექტურად? გენდერული კვოტირების ერთ-ერთ ყველაზე დიდ ნაკლად მივიჩნევ მის მიზნებს, შეასაბამისად მისი სტატისტიკებიც, ჩემს თვალში, არაფრისმომცემია. ამ რეფორმის მიზანი ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა და ტგენდერული ბალანსის დაცვაა სახელმწიფო ორგანოებში. სახელმწიფო ორგანოს მთავარი მიზანი კი, ცხადია, მისი პროდუქტიულობაა. ვინაიდან ეს ორი ერთმანეთს არ უკავშირდება, არც იმის თქმა მოგვცემს რაიმეს, რომ გენდერულმა კვოტირებამ ქალების წარმომადგენლობა მართლაც გაზარდა საკანონმდებლო ორგანოებში - ეს მე პასუხს არ მცემს კითხვაზე, გაიზარდა თუ არა ჩემი ქვეყნის პარლამენტის პროდუქტიულობა და ეფექტიანობა. 

მე როგორ მოვაგვარებდი ამ პრობლემას? იქიდან გამომდინარე, რომ ჩემთვის პრიორიტეტული არ არის ქალების რაოდენობა პარლამენტში, პრიორიტეტულია ის, თუ რატომ იკავებენ ქალები პოლიტიკაში ჩართვისგან თავს, პირველ რიგში შევეცდებოდი მეპოვნა პასუხი ამ კითხვაზე. როგორც მე ვივარაუდე, ქალების ნაკლები ინტერესის გამომწვევი მიზეზი არის საზოგადოების განათლებისა და ცნობიერების დაბალი დონე. ბუნებრივია, რომ დავიწყებდი ამ პრობლემის მოგვარებითა და გამოსწორებით - რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია ეს პრობლემა გადაიჭრას მოკლევადიან პერიოდში, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში, სწორი მიდგომით, განათლების სწორი სისტემით, სწორი პროექტებითა და მესიჯებით  ეს პრობლემა გამოსწორებადია - ჩვენი ორიენტირი არ უნდა იყოს მხოლოდ მომავალი თაობა, არამედ ისინიც, ვინც ახლა ზრდიან შვილებს, ვინაიდან მშობლიდან შვილზე გარდამავალი შეხედულებებისა და აღზრდის მეთოდების ციკლი არის მიზეზი, რატომაც 2022 წელსაც კი ამ პრობლემას მწვავედ მივიჩნევთ.

საბოლოო ჯამში, დიახ, გენდერული კვოტირება ნამდვილად ზრდის ქალების წარმომადგენლობას საკანონმდებლო ორგანოებში. ჩემი კითხვა კი ასეთია: რა დადებითი ეფექტის მომტანია „მეტი ქალი პარლამენტში“, თუ არ უმჯობესდება პარლამენტის მუშაობის ხარისხი და, თუ, პრობლემა, რამაც გენდერული კვოტირების რეფორმა წაახალისა, იგივე დარჩება? არის ეს ნამდვილად ეფექტიანი ზრდა, თუ მხოლოდ სიმბოლო, ილუზია, რომ ეს პრობლემა მოგვარების გზაზეა?

 

 'აღნიშნული ესე შეიძლება არ წარმოადგენდეს ფრანკლინის კლუბის ოფიციალურ პოზიციას. ესე დაწერილია ფრანკლინის კლუბის პროექტ ფრანკლინის თავისუფლების მცველების ფარგლებში.'