ფრანკლინის კლუბი: ქართული თავდაცვის პრობლემები

571 002 733
[email protected]

Are not registered yet? Sign up

To confirm your registration, please check your email for a message from us with further details.

ქართული თავდაცვის პრობლემები

ივნ 14, 2022 blog კონსტანტინე ჯაფარიძე

არსებობს გამოთქმა - „თუ გსურს მშვიდობა, ემზადე ომისთვის“, რომელსაც ციცერონს მიაწერენ. ეს ფრაზა მშვიდობის არსს საუკეთესოდ აღწერს: იმისთვის, რომ მშვიდობას ეწიო, აუცილებელია მზად იყო ნებისმიერი პრობლემის დასაძლევად, ამას კი წინასწარი და ინტენსიური მზადება სჭირდება. ამასთან ერთად, ქართველი საზოგადო მოღვაწე, ილია ჭავჭავაძე, მოთხრობაში - „მგზავრის წერილები“ პერსონაჟ ლელთ ღუნიას პირით საუბრობს მშვიდობის რაობაზე. „რაის ვაქნევ ცარიალ მშვიდაბას ცარიალ სტვამაქით. რაი არნ მშვიდაბა? უხმარ სატევარს ჟანგი დაედვის, უსრბოლო წყალჩი ბაყაყნი, ჭია-ჭუაი, ქვემძრომი გამრავლდის. უდეგარ, უსვენარ თერგჩი კი კალმახი იცის! რაი არნ მშვიდაბა ცოცხვალ კაცთათვის? რაი არნ მტერობა, თუ ერი ერობს? ცარიალ მშვიდაბა მიწაჩიც გვეყოფის.“

გამოდის, რომ მშვიდობასა და ღირსებას შორის არსებობს ურთიერთმიმართება - მშვიდობა მაშინაა მისაღები, როდესაც ადამიანი (ან სახელმწიფო) თავს ღირსეულად გრძნობ. ხოლო, მიუღებელია, როდესაც მშვიდობა გეძლევა მონობის, ღირსებისა და თავისუფალი ნების შეზღუდვის პირობით, რადგან ადამიანისა თუ სახელმწიფოს ბუნებრივი მდგომარეობა თავისუფლებისკენ სწრაფვაა, ადამიანიც ხომ თავისუფალ არსებად არის გაჩენილი და სახელმწიფოც მისი თავისუფალი ნების ფორმირების შედეგია. თავისუფლების შენარჩუნების ერთადერთი გზა კი ბრძოლაზე გადის, რადგან მტრის წინაშე ნებისმიერი თავის დახრა გულისხმობს მისთვის ახალი შანსის მიცემას, გაგანადგუროს და დაგიმონოს.

საქართველო გეოპოლიტიკურად რთულ რეგიონში მდებარეობს, სადაც აზერბაიჯანი, სომხეთი და თურქეთია. ასევე მას ჩრდილოეთიდან რუსეთის ფედერაცია ესაზღვრება, რომელსაც ინტერესები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში აქვს და მათ მიღწევას, სხვადასხვა ხერხებით, ყველაზე ხშირად კი სამხედრო ძალის გამოყენებით ცდილობს. 2008 წლის ომი საქართველოსთან, 2014 წელს ყირიმის ანექსია, თუ 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის წარმოება ზუსტად ამის დასტურია. ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთის ფედერაცია საშიში გეოპოლიტიკური რეგიონალური მოთამაშეა, რომელსაც უნდა ვუფრთხოდეთ, თუმცა სიფრთხილე არ ნიშნავს მტრისადმი მორჩილებას. ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ რუსეთთან თითქმის შეუძლებელია მოლაპარაკებების გზით რაიმე შედეგის მიღწევა, მათი მიზანი საქართველოს სრულ მორჩილებაში ყოფნაა, რაც გამორიცხავს მოლაპარაკებისას ინტერესების დათმობის შესაძლებლობას.

იმისთვის, რომ ესოდენ რთულ გეოპოლიტიკურ რეგიონში მყოფმა საქართველომ ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს მსოფლიოს საზოგადოებაში და ამასთან ერთად რუსეთს მისი მიზნების საქართველოს ხარჯზე მიღწევა გაურთულოს, აუცილებელია შესაბამისი ზომების მიღება. ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია გადაიხედოს საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი, რომელიც ჯამში დაახლოებით 1 მილიარდ ლარზე ნაკლებია. „2022 წლის ბიუჯეტით, თავდაცვის სამინისტროსთვის 962.4 მილიონი ლარია გათვალისწინებული, რაც 2021 წლის 990 მილიონთან შედარებით 27.6 მილიონით ნაკლებია. შემცირების ძირითადი მიზეზი მომდევნო წელს საერთაშორისო სამშვიდობო მისიების ბიუჯეტის კლებაა, რაც წელს 33 მლნ ლარით ფინანსდებოდა, მომდევნო წელს კი ამ მხრივ მხოლოდ 2 მილიონი ლარია გათვალისწინებული. შემცირების მიზეზი 2021 წლის ზაფხულში ავღანეთის სამშვიდობო მისიის დასრულებაა.“

რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი ყველაზე მცირეა. სტატისტიკის თანახმად, თურქეთის სამხედრო ბიუჯეტი 19 მილიარდი დოლარია, სომხეთის 1.39, აზერბაიჯანის კი 2.81. ამავე სტატისტიკის მონაცემებით, საქართველოს 2022 წლის თავდაცვის ბიუჯეტი მხოლოდ და მხოლოდ 327 მილიონი დოლარია. ასეთი მცირე ბიუჯეტი რეგიონის სხვა ქვეყნების ბიუჯეტებთან შეუსაბამოა, მით უფრო მაშინ, როდესაც საქართველო რეგიონში ყველაზე ცუდ ვითარებაშია - ოკუპირებულია მისი ტერიტორიის 20 პროცენტი მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოს მიერ და ამ სახელმწიფოს აქვს პირდაპირი და აშკარა ინტერესი, სხვა სახელმწიფოები საკუთარი მარწუხების ქვეშ მოაქციოს. ეს კი აშკარა სიგნალია იმისა, რომ თავდაცვის სისტემის გაძლიერების აუცილებლობა არსებობს.

იმისთვის, რომ გადაიჭრას ზემოაღნიშნული პრობლემა აუცილებელია თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა. გაზრდაში იგულისხმება გაზრდა მაქსიმალურად. როგორც ვიცით, არსებობს მრავალი ისეთი სფერო, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს, თუმცა მისი დაფინანსების ცალსახა აუცილებლობა არ არსებობს, მათ შორისაა კულტურისა თუ ლიტერატურის დაფინანსება, ასევე სპორტის დაფინანსება და სხვა ისეთი დარგებისა, რომლებიც მეორეხარისხოვანია. ამ დარგების სახელმწიფოსგან გათავისუფლება საშუალებას მოგვცემს ფინანსები გამოთავისუფლდეს და ამით შეიქმნას ძლიერი თავდაცვის სისტემა. ცხადია ეს ვერ მოხდება მხოლოდ ქართული მხარის ჩართულობით. ამისთვის აუცილებელია მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. მათ უნდა ვთხოვოთ დახმარება, ინტენსიურად ჩაერთონ ქართული თავდაცვითი ძალების ფორმირების პროცესში. ამ მხრივ ყველაზე მეტად საგულისხმოა საჰაერო თავდაცვის პრობლემის მოგვარება, რადგან როგორც უკრაინულ-რუსულ ომში გამოჩნდა, რუსეთის პლიუსი ცაში მანევრირებაა, სწორედ ამიტომაა აუცილებელი ამ მხრივ თავდაცვის გაძლიერება, რაც ომის შემთხვევაში მსხვერპლის სიმცირეში უნდა გადაითარგმნოს. ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ დასავლეთი დღეს კარგად ხვდება რუსეთთან ომში გამარჯვების მნიშვნელობას და ახლა უფრო მარტივად შეიძლება დასავლური სახელმწიფოებისგან მეტი სარგებელი ნახოს ქართულმა სახელმწიფომ, მათ შორის დასავლეთის ქვეყნებისგან მიიღოს საქართველომ საჰაერო თავდაცვის საშუალებები.

აუცილებელია დავფიქრდეთ საკონტრაქტო ჯარისკაცების რაოდენობის გაზრდაზე. შეიძლება დაისვას შეკითხვა - ხომ არ სჯობს, გყავდეს პროფესიონალი ჯარისკაცი, რომელიც გაწვრთნილია და დიდი ხანია ემზადება ომისთვის, ვიდრე გაიწვიო ყოველ წელს ახლად სკოლადამთავრებული ადამიანები და ისინი გაწვრთნა? პასუხი მარტივია, ჯარისკაცი, რომელიც მთელი ცხოვრებაა ომის ხელოვნებას ეუფლება, უფრო მეტად ეფექტიანია ომის დროს, ვიდრე ადამიანი, რომელსაც მხოლოდ 1 წელია აქვს შეხება ზემოაღნიშნულ სფეროსთან. ამგვარი მიდგომა ქართველებს ისტორიულადაც გვქონდა, როდესაც სოციუმი რამდენიმე ფენად იყო დაყოფილი, ზედა ფენები ბავშვობიდანვე იარაღის ხმარებას სწავლობდნენ, ხოლო დანარჩენები ეკონომიკურ საქმიანობაში იყვნენ ჩართულნი და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში იღებდნენ იარაღს ხელში. ეს ჩვეულებრივი შრომის დანაწილებაა - კონკრეტულ საქმეს ის აკეთებს, ვისაც უკეთ გამოსდის მისი კეთება, ანუ უფრო ეფექტიანად მოქმედებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მშვიდობის მისაღწევად ყველანაირად უნდა ვეცადოთ მზად ვიყოთ სამხედრო კონფლიქტისთვის. ამით რუსეთსა თუ ნებისმიერ ჩვენს ხარჯზე გაძლიერების მოსურნე სახელმწიფოს სურვილს თუ არ დავუკარგავთ, შევუმცირებთ მაინც, თავს დაგვესხას და ზიანი მოგვაყენოს. სხვა გზა არ არსებობს. მტერთან დათბობის პოლიტიკაც მხოლოდ მაშინაა შედეგის მომტანი, როდესაც ის ხედავს შენს სიძლიერეს, ღირსეულობას და ამის გამო გიწევს ანგარიშს. ანგარიშს კი წევს არა მხოლოდ ჩვენი სიძლიერისა და ღირსეულობის გამო, არამედ უფრო მეტად საკუთარი პოტენციური დანაკარგების შიშიდან გამომდინარე.


 'აღნიშნული ესე შეიძლება არ წარმოადგენდეს ფრანკლინის კლუბის ოფიციალურ პოზიციას. ესე დაწერილია ფრანკლინის კლუბის პროექტ ფრანკლინის თავისუფლების მცველების ფარგლებში.'