ფრანკლინის კლუბი: რატომ არის დაგროვებითი პენსია ცუდი არჩევანი

571 002 733
[email protected]

Are not registered yet? Sign up

To confirm your registration, please check your email for a message from us with further details.

რატომ არის დაგროვებითი პენსია ცუდი არჩევანი

ივნ 14, 2022 blog ბექა ჩოქური

   საქართველო, როგორც განვითარებადი ქვეყანა ბევრ ბარიკადსა და გამოწვევას აწყდება, რაც მუდმივ რეფორმებსა და პრობლემების გადაჭრას საჭიროებს. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სიღარიბეა. სამწუხაროდ, ამ პრობლემასთან ბრძოლა ყველაზე მეტად ხანში შესულ ადამიანს უჭირს, რის გამოც აუცილებელია ღირსეული პენსია. დაგროვებითი პენსიის ინიციატივაც სწორედ ღირსეული პენსიის მოტივით გაჩნდა.ამ რეფორმის მიხედვით დასაქმებული პირი მისი ხელფასის 2%-ს დაგროვებით ანგარიშზე დებს, სადაც ემატება სახელმწიფოსა და დამსაქმებლის მიერ შეტანილი 2-2%. საბოლოოდ, თვიურად დაგროვებით ანგარიშზე ხელფასის 6% ირიცხება და საპენსიო ასაკის მიღწევამდე გროვდება. მაგრამ ყველა ინიციატივა როდია პრობლემის გადაჭრის გზა. როგორც ყველა რეფორმას, დაგროვებით პენსიასაც აქვს უარყოფითი მხარეები. ვფიქრობ, ამ რეფორმის განხორციელება თვითონვე ეწინააღმდეგება თავდაპირველ მიზნებს.  ის განვითარების ნაცვლად აზიანებს სოციალურ თანასწორობასა და ბიზნეს გარემოს. ამასთან ერთად ჩნდება ბევრი კითხვა რეფორმის ჭეშმარიტ განზრახვაზე და მის სანდოობაზე.

დაგროვებითი პენსიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრაა, რომლის მისაღწევადაც პენსიონერის ფინანსურად გაძლიერებაა საჭირო. სამწუხაროდ, ეს რეფორმა არ გვთავაზობს თანაბარ შესაძლებლობას ყველა ადამიანისთვის. მაგალითად, ინდივიდებს, რომლებიც საპენსიო ასაკს სხვებთან შედარებით უფრო ადრე მიაღწევენ, არ აქვთ შესაძლებლობა იგივე რაოდენობის პენსია დააგროვონ, რამდენის დაგროვებასაც სხვები მოახერხებენ. ეს არ არის ამ რეფორმის ერთადერთი უსამართლობა. 40 წელს ქვემოთ მყოფი ადამიანებისთვის ამ რეფორმაში ჩართვა სავალდებულოა, რაც თავისთავად მოქალაქეების ნების საწინააღმდეგოა. ამას გარდა, დამგროვებელს არ შეუძლია თავისი შენატანის განკარგვა, რაც ერთი შეხედვით დიდი უსამართლობა, რომელიც მას არ აძლევს საშუალებას მისი ქონება თავისივე სურვილისამებრ გამოიყენოს. ხალხს არ შეუძლია საკუთარი გადაწყვეტილების მიღება , რაც ნამდვილად სოციალურ უთანასწორობას ქმნის 40 წლამდე თაობასა და 40 წელს ზემოთ მყოფს შორის.

განვითარებადი ქვეყნების მთავარი გამოწვევა სიღარიბეა, რის გამოც ქვეყნები ხშირად ცდილობენ ბიზნესის გარემოს წახალისებას. სამწუხაროდ, დაგროვებითი პენსია ბიზნეს გარემოს აზიანებს, რაც კიდევ უფრო უშლის ხელს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. დამსაქმებელს მოუწევს ხელფასების 2%-ით გაზრდა, რაც დამსაქმებელისთვის გადასახადად აღიქმება.  ბიზნესისთვის ეს არ არის პირდაპირი გადასახადი, თუმცა გადასახადის მსგავს ეფექტს ქმნის. ძვირდება მუშახელის აყვანა, რაც იწვევს უმუშევრობის ვარდნის შემცირებას. ამასთან ერთად უფრო რთული ხდება სამსახურის პოვნა, რაც კიდევ უფრო ამძიმებს საბაზრო ზეწოლას. ეს კი უარყოფით სტიმულს ქმნის ეკონომიკისთვის. დასაქმებული ცდილობს არაფორმალური სამსახურის პოვნას და რეფორმისთვის თავის არიდებას. სხვათა შორის, ბიზნეს გარემოს სიმძიმე ხელს უშლის უცხოური ინვესტიციის მოზიდვას, რადგან უცხოელ პარტნიორებს ურჩევნიათ თავისუფალ ბაზარზე შევიდნენ, ვიდრე იმ ბაზარზე, სადაც მათი დანახარჯი შედარებით გაზრდილი იქნება. მითუმეტეს მაშინ, როცა სახელმწიფო დაგროვებულ თანხას ნაკლებად რისკიან და ძლიერ ბიზნესში ჩადებს. ეს გამოიწვევს მსხვილი ბიზნესის გაძლიერებას, რაც შეამცირებს სუსტი ბიზნესის შესაძლებლობას, რომ კონკურენცია გაუწიოს.

მთავრობის ეს ინიციატივა ნაწილობრივ შიდა ეკონომიკური სიტუაციის გასაძლიერებლად შეიქმნა.  თუმცა, საფუძვლიანი ეჭვია იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად დაასტიმულირებს დაგროვებული ფული ქვეყნის ეკონომიკას. ვინაიდან ვიცით, რომ ფული ნაკლებად რისკიან ინვესტიციებში ჩაიდება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მთავრობა სხვა ქვეყნის მსხვილ ბიზნესში ჩადებს ამ ფულს. ამის ვარაუდს კი ჩვენი ქვეყნის არასტაბილური ეკონომიკა და ბიზნეს მოლოდინების ხშირი ცვალებადობა იძლევა. შესაბამისად, ჩნდება კითხვები რეფორმის მიზნობრიობასთან დაკავშირებით. თანაც, სანამ ქვეყანა არ გამდიდრდება, ნაკლებად სავარაუდოა ღირსეული პენსიის არსებობა. მაშასადამე, შეიძლება ითქვას, რომ დაგროვებითი პენსია შეიძლება სულაც არ იყოს მთავარი პრიორიტეტი. მითუმეტეს, მაშინ როცა ეს რეფორმა არ იძლევა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გარანტიას.

რეფორმის მიხედვით დაგროვებითი პენსია გულისხმობს რაღაც თანხის პენსიის ასაკის მიღწევამდე დაგროვებას, შემდეგ ამ თანხის განაწილებას და საბაზისო პენსიასთან ერთად დარიგებას. თუმცა, რეფორმის წლების განმავლობაში განხორციელებას თავისი რისკები გააჩნია. მითუმეტეს მაშინ, როცა ქვეყანას ძალიან ცოტა ბერკეტი აქვს კრიზისის ეფექტის შესამცირებლად. მაგალითად, მსოფლიოში არსებულმა დაძაბულობამ შეიძლება გამოიწვიოს ნავთობის ფასის გაზრდა, რაც ძალიან მტკინვეული იქნება ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. რადგან, ქვეყანა ძალზედ დამოკიდებულია იმპორტზე, რის გამოც მაღალი ინფლაციის დიდი რისკია.  თანაც, კრიზისის დროს მთავრობას შეუძლია ისეთი განკარგულების მიღება, რომლის მეშვეობითაც ის შეძლებს დაგროვებული ფულის დახარჯვას. მითუმეტეს, მაშინ როცა მოსახლეობის დაბერება მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს რომ მომავალში პენსიონერთა რაოდენობა გაიზრდება და დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდება. ეს კიდევ უფრო მეტ მიზეზს აძლევს არაკეთილსინდისიერ მთავრობას , რომ დაგროვებული ფული ბოროტად გამოიყენოს, ან კიდევ უფრო გაზარდოს დასაქმებულისა და დამსაქმებლის პროცენტული შენატანი. მსგავსი არასასიამოვნო შემთხვევების კარგი მაგალითი პოლონეთისა და უნგრეთის მთავრობის ქმედებაა, რომლებმაც ხალხის დაგროვებული პენსია თვითნებურად დახარჯეს. სამწუხაროდ, ამ რისკებს სავარაუდო ინფლაცია და წარსულის უნდობლობაც ამძაფრებს. რამდენიმე ათეული წლის წინ ბანკების განცდილმა კრიზისმა მოსახლეობის დიდ ნაწილს უნდობლობის განცდა გაუჩინა, რაც იწვევს საფუძვლიან ეჭვს რეფორმის სანდოობაში. მითუმეტეს მაშინ, როცა უახლოეს მომავალში დაგროვებული თანხა ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებში შეინახება.

ყველა უარყოფით თავისებურებასთან ერთად ეს რეფორმა ნაკლებად ეფექტურია. დაგროვებითი პენსიის მთავარი დადებითი მხარე მისი ეფექტურობა უნდა იყოს, მაგრამ რიგი მიზეზების გამო შესაძლოა რეფორმას კარგი შედეგი საერთოდ არ ჰქონდეს. პირველი რისი თქმაც შეიძლება არის ის, რომ ეს რეფორმა არაა მორგებული ქართულ რეალობას. არასათანადო და არასაკმარისი კვლევების გამო დიდია იმის ალბათობა, რომ ეს რეფორმა არ იმუშავებს. ამის ფიქრის საფუძველს დასაქმებულთა არათანაბარი გადანაწილება გვაძლევს. რადგან, სახელმწიფო დიდად არის დამოკიდებული ტურიზმზე, ქვეყნის დასაქმებულთა თითქმის ნახევარი ხელფასს არაფორმალურად იღებს. რაც ნიშნავს იმას, რომ სამუშაო ძალის ნახევარი პენსიას ვერ დააგროვებს. თანაც, დასაქმებულთა თითქმის 70% 650 ლარს ან უფრო ნაკლებ ხელფასს იღებს. რაც უფრო ნაკლებია ხელფასი, მით ნაკლებია დაგროვებული თანხაც. შედეგად, მოსახლეობის უმეტესობითსვის ნაკლებად იქნება შესაძლებელი სიბერის დროს ღირსეული პენსიის ქონა.

საბოლოოდ, მოყვანილი არგუმენტებისა და მაგალითების საფუძველზე, შესაძლებელია დაგროვებითი პენსიის შეფასება. სამწუხაროდ, ეს რეფორმა ძალიან ბევრ პრობლემას მოუგვარებელს ტოვებს და რაც კიდევ უფრო ცუდია, დამატებით ქმნის ახალ გამოწვევებს. სოციალური უთანასწორობის ფონზე კიდევ უფრო მტკინვეულია ამ რეფორმის მოუხერხებლობა, რადგან მოქალაქეს არ აქვს შესაძლებლობა ნებაყოფლობით ჩაერთოს და განკარგოს დაგროვებული ფული. ბიზნეს გარემოზე გაზრდილი ზეწოლა კი კიდევ უფრო ართულებს ეკონომიკის განვითარებას, რაც რა თქმა უნდა, ინდივიდების ცხოვრებაზეც აისახება. ამასთანავე, მაღალი რისკების არსებობა კიდევ უფრო ზრდის დაგროვებითი პენსიის არაეფექტურობისა და არამიზნობრიობის ალბათობას. შედეგად, ეს რეფორმა საქართველოს მთავრობისა და მოსახლოებისთვის ცუდი არჩევანია, რის გამოც მიმაჩნია, რომ დაგროვებითი პენსიის ინიციატივა გადახედვას საჭიროებს.

|აღნიშნული ესე შეიძლება არ წარმოადგენდეს ფრანკლინის კლუბის ოფიციალურ პოზიციას, ესე დაწერილია ფრანკლინის კლუბის პროექტ ფრანკლინის თავისუფლების მცველების ფარგლებში.|