ფრანკლინის კლუბი: საქართველოს თავდაცვის უნარიანობა

571 002 733
[email protected]

Are not registered yet? Sign up

To confirm your registration, please check your email for a message from us with further details.

საქართველოს თავდაცვის უნარიანობა

ივნ 14, 2022 blog გიორგი სირბილაძე

   გამოწვევებით სავსე სამყაროში სულ უფრო აქტუალური ხდება სახელმწიფოების თავდაცვის უნარიანობის საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ ცივი ომი დიდი ხნის წინ დასრულდა მსოფლიოს მრავალ წერტილში დღესაც გვხვდება ლოკალური და რეგიონალური კონფლიქტები სხვადასხვა ფაზებში. შეიძლება ითქვას, რომ ბიპოლარული მსოფლიო წესრიგის შემდეგ ბევრი ადრე დავიწყებული კონფლიქტი აქტუალური გახდა, როგორებიცაა ბალკანეთი, კავკასია, აღმოსავლეთ ევროპა, ახლო აღმოსავლეთი და სხვა. საქართველო ამ ვითარებაში უნდა ზრუნავდეს როგორც საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე თავისი ძალებით ისე პარტნიორების დახმარებით, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ეს ასე არ ხდება. 

საქართველოს უსაფრთხოება პირველ რიგში ნიშნავს შიდა სტაბილურობასა და ეკონომიკურ განვითარებას, მოსახლეობის სოციო-ეკონომიკური პრობლემების მოკლე მონაკვეთში გადაჭრას და რაც მთავარია სახელმწიფოებრივ აღმშენებლობას, რაც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ უპირველეს პრიორიტეტად იქცა. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე დღესაც გაყინულ ფაზაში მიმდინარეობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტები, ამ რეგიონებში განლაგებულია რუსეთს ფედერაციის რეგულარული სამხედრო ძალები, ხოლო ბანდ-ფორმირებები მათთან უშუალოდ შერწყმულ ძალას წარმოადგენს, რაც 2008 წლის ომის დროს კიდევ ერთხელ დადასტურდა. ასევე ყურადღებაა გასამახვილებელი სხვა პოტენციურ გამოწვევებზე, როგორიცაა გლობალური ტერორიზმი, რეგიონთან ახლოს განვითარებული კონფლიქტები (უკრაიანამ, სირია და სხვა). 

ქართული სახელმწიფოს არსებობა დღეს ნამდვილად არ არის საფრთხის ქვეშ, მაგრამ როგორი იქნება ეს სუვერენიტეტი ამაზე კითხვები არსებობს. ქართველი ხალხის არჩევანი ცხადზე ცხადია და ეს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფეფებს გულისხმობს, თუმცა ამ ორივე პოზიციას აქვს თავისი გამოწვევები. გარდა ამისა სოციო-ეკონომიკური პრობლემების შემდეგ საქართველოს მოსახლეობას ოკუპირებული ტერიტორიები და რუსეთისგან მომავალი საფრთხე აღელვებს.

სწორედ ქვეყნის წინაშე არსებული უსაფრთხოების პრობლემები მიგვითითებს იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე რომლებიც გადასაჭრელია. 2004 წლიდან საქართველომ შეძლო და შექმნა მეტნაკლებად ბრძოლის უნარიანი სამხედრო ძალები, ამას დაემატა ეროვნული გვარდიის რეზერვი და სპეც. დანიშნულების ძალები შსს-ს შემადგენლობაში. მიუხედავად დიდი ხარჯისა 2008 წელს ჩვენმა დაპირისპირებამ რუსეთის რეგულარულ არმიასთან აჩვენა მრავალი ჩავარდა, რაც სისტემურ პრობლემაზე მიუთითებს. 2008 წლიდან და კატასტროფულად 2012 წლის შემდეგ იკლებს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიც. რა თქმა უნდა ჩვენი პარტნიორები გვეხმარებიან თავდაცვის ძალების ნორმალურ საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველყოფაში, მაგრამ ეს საკმარისი არაა. 

დეტალებში რომ განვიხილოთ დღეს საქართველოს ჰყავს 4 ქვეითი ბრიგადა და 2 საარტილერიო ბრიგადა, გარდა ამისა არის გარკვეული დანაყოფები საჰაერო, საინჟინრო, ლოჯისტიკის, სპეც. ოპერაციებისა და სხვა. საერთო ჯამში საქართველოს ბრძოლის უნარიანი 15 000-მდე პირადი შემადგენლობა ჰყავს, რაც ჩვენი გამოწვევებისთვის შეუსაბამო რიცხვია. იმისთვის, რომ ვიპოვოთ ბალანსი ეკონომიკურ პოტენციალსა და გამოწვევებისთვის საჭირო პასუხის გასაცემად უნდა მივმართოთ ე.წ ტოტალური თავდაცვის კონცეფციას. ეს დოკუმენტი საქართველომ წლებია მიიღო, თუმცა ქმედითი და სერიოზული ნაბიჯები, როგორც ინსტიტუციონალური ისე ეკონომიკური არ იქნა მიღებული.

ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის გასაზრდელად საჭიროა საზოგადოების ყველა რგოლის ჩართვა, ესენია: თავდაცვის ძალები, შსს, სხვა სამინისტროები, ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, თვითმმართველობები, მედია, ბიზნესი და სხვა. ჩვენ უნდა ასევე გავითვალისწინოთ თუ რამდენის დახარჯვა შეგვიძლია ბიუჯეტიდან. რეგიონში თავდაცვის დაფინანსების წილი მშპ-სთან მიმართებით მერყეობს 2.7%-5.3%-მდე რაც მეტნაკლებად შეესაბამება რეგიონის თითოეული ქვეყნის გამოწვევებს. საქართველოს შემთხვევაში ეს რიცხვი 1.8%-ს შეადგენს რაც დაახლოებით 300 მილიონი დოლარია. საჭიროა ამ რიცხვის როგორც მინიმუმ გაორმაგება და დაახლოებით 3.5-4%-ს ხარჯვა თავდაცვაზე. ეს საშუალებას მოგვცემს გარდავქმნათ როგორც თავდაცვის ძალები, ისე შევქმნათ რეზერვი და სხვა დამხმარე ინსტიტუციები რომლებზეც ქვემოთ ვისაუბრებ. 

პირველ რიგში გამოსაყოფია თავდაცვის ძალების საბრძოლო პოტენციალის ზრდა. საჰაერო და სანაპირო თავდაცვის სისტემები, ტანკსაწინააღმდეგო და საარტილერიო დანადგარები ეს ის მინიმუმია რაც რეგულარულ არმიას მისცემს შესაძლებლობას შეასრულოს ის ამოცანები რაც მას აკისრია. ამის გარდა უნდა იქნეს უზრუნველყოფილი სამხედრო მოსამსახურის სოციალური მოთხოვნები, როგორიცაა საცხოვრებლით უზრუნველყოფა, პრემია, ჯანმრთელობის დაზღვევა, ოჯახის წევრებისთვის სოციალური შეღავათები და სხვა. უნდა აიწიოს ჯარის, როგორც ინსტიტუციის პოპულარულობა, პატრიოტული პროპაგანდა და ჯარი აღმიქმებოდეს, როგორც მოსახლეობის უპირობო და უალტერნატივო მოკავშირე. 

რეგულარულ არმიას ყოველთვის სჭირდება რეზერვი, რომელიც მე-2 და მე-3 ხარისხის ამოცანების შესრულებაში მიიღებს მონაწილეობას. ამ შემთხვევაში უნდა მივიღოთ კომბინირებული რეზერვის და ტერიტორიული თავდაცვის ძალებს კონცეფცია, რომელიც უკვე ნელნელა ფორმირდება. ეს იქნება სავარაუდოდ რამოდენიმე ათეული ბატალიონი, რომელიც დაკომპლექტდება ადგილობრივი გაწვეული პირებისგან. დიახ, სავალდებულო ჯარმა უნდა მიიღოს ის ფორმა, რომელიც აუცილებელია სახელმწიფოსთვის. ამ სახის ბატალიონების წვრთნები უნდა მიმდინარეობდეს წელიწადში არაუმეტეს 1-2 თვისა ვინაიდან ეს ადამიანები ასევე ჩართული უნდა იყვნენ ეკონომიკაში. როგორც რეგულარული ჯარის მოსამსახურეებს მათ ასევე უნდა ჰქონდეთ სოციალური შეღავათები და ასევე მცირე, თუმცა ხელშესახები ხელფასი. შესაძლებელია სოციალურ შეღავათებს მიებას უმაღლეს სასწავლებელში 50%-იანი დაფინანსების გარანტია და სხვა ალტერნატივებიც. 

მესამე რგოლად განვიხილოთ ის გასაწვევი ადამიანები, რომლებიც არ არიან ამა თუ იმ მიზეზით თანახმა იმსახურონ სამხედრო ფორმირებებში. გარდა უშუალო საბრძოლო მოქმედებებისა აუცილებელია საზოგადოებისთვი სასარგებლო სხვა საქმის შესრულება კრიზისის დროს მაგალითად საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის შემადგენლობაში მათ შეუძლიათ საკუთარი წვლილი შეიტანონ მათი რეგიონის თუ ქალაქის კრიზისული ვითარების მართვაში. დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიებს ან სულაც მიიღონ სტაჟირების ალტერნატივა (უპირველეს ყოვლისა სამედიცინო სფეროს სტუდენტები და კურსდამთავრებულები). 

ამ მოკლე მიმოხილვაში მინდოდა მეჩვენებინა ის მინიმალური და შესაძლო თავდაცვის უნარიანობის ზრდის პოტენციალი რაც სახელმწიფოს გააჩნია. რა თქმა უნდა, ამგვარი ძალების რეალური გამოყენება არასასურველია და ადგილი დიპლომატიას უნდა დავუთმოთ, თუმცა არასდროს დიპლომატი ისე დარწმუნებული არაა საკუთარ თავში, როდესაც მას ზურგს ძლიერი სახელმწიფო და სამხედრო ძალები უმაგრებენ.

 

| აღნიშნული ესე შეიძლება არ წარმოადგენდეს ფრანკლინის კლუბის ოფიციალურ პოზიციას, ესე დაწერილია ფრანკლინის კლუბის პროექტ ფრანკლინის თავისუფლების მცველების ფარგლებში.|