ფრანკლინის კლუბი: განათლების რეფორმა

571 002 733
[email protected]

Are not registered yet? Sign up

To confirm your registration, please check your email for a message from us with further details.

განათლების რეფორმა

ივნ 14, 2022 blog ალექსანდრე ღიბრაძე

    საქართველოში არსებულ განათლების სისტემას არაერთი ხარვეზი და პრობლემა აქვს, რომელთაც შველა სჭირდება. თითქმის ყველა პრობლემაზე საუბრისას, რომელიც საქართველოში არსებობს, დავდივარ იქამდე, რომ ამას იწვევს ქვეყანაში არსებული განათლების დაბალი დონე, რაც ბრალდება, რა თქმა უნდა, განათლების სისტემას. ჩემი აზრით, ზოგადად ეს ტერმინი „განათლების სისტემა“ ცოტა არასწორია და უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით „საგანმანათლებლო დაწესებულებების სისტემას“. განათლება ძალიან ფართო და ღრმა საკითხია, რომელიც ერთ სისტემაში ვერ მოექცევა. თვითონ სიტყვა განათლების დეფინიციაც რთული ამბავია. ზოგისთვის განათლება არის წერა-კითხვის სწავლა, ზოგისთვის კალათბურთის თამაში, წიგნების კითხვა და კიდევ უამრავი რამ. დაახლოებით ისეთივე ცნებაა, როგორიც თავისუფლება, თითქმის ყველა ადამიანს საკუთარი, ინდივიდუალური და განსხვავებული დამოკიდებულება აქვს მის მიმართ. სწორედ განათლების ერთფეროვანი გაგებიდან მოდის საგანმანათლებლო სისტემის ის პრობლემები, რომლებიც ქვეყანაში გვაქვს. საზოგადოებას განათლება და სწავლება ერთმანეთში ერევა.

  „განათლების ერთიანი ეროვნული გეგმა“ ჩემთვის არის „სწავლების“ გეგმა. სუბიექტური კრიტერიუმების საფუძველზე არჩეულ საგნებს, გვასწავლიან და გვაწვდიან, როგორც დოგმას: “აი ეს არის ის, რაც შენ გჭირდება, რომ მომავალში უნივერსიტეტში ჩააბარო და „დიდი კაცი“ გამოხვიდე”. ცალსახაა, რომ ასეთი მიდგომა სარისკოა. განათლება არის გრძელვადიანი ინვესტიცია, წლების მერე უნდა მოვუგოთ ბაზარს, თუმცა არ ვიცით ამ წლების მერე ბაზარზე რომელ პროფესიაზე იქნება მოთხოვნა, რომელი გაიყიდება ძვირად და გამოგადგება. ამას ვერც ვერასდროს გაიგებ და გათვლი 100%-ანი სიზუსტით. ამიტომ განათლებაზე ასეთი სწორხაზოვანი, დოგმატური და ჩარჩოში მოქცეული ხედვა, სულ მინიმუმ სარისკოა, მაქსიმუმ კი მავნებლობა, გაკოტრება და ბაზრიდან გამოგდებაა, ანუ მოსწავლის ცოდნა და დახარჯული რესურსები ფუჭია.

უფრო კონკრეტული არგუმენტის საჩვენებლად გამოვიყენებ PISA-ს 2018 წელს ჩატარებულ კვლევას, რომელმაც აჩვენა, რომ წაკითხულის გააზრება და მისგან შინაარსის გამოტანა არ შეგვიძლია. ამ კვლევამდე 2015 წელსაც იმავე სახის გამოკვლევა ჩატარდა, რომელშიც 2018 წელზე უკეთესი შედეგი გვქონდა (21 ქულით). გამოდის, რომ ტენდენციურად უკან მიდის ჩვენი გონებრივი შესაძლებლობები. დღეს 2022 წელია. იმედს ვიტოვებ, რომ გამოვსწორდით, მაგრამ რატომ გამოვსწორდებოდით? რის გამო? რამე შეიცვალა სისტემაში? - არა. ესეიგი, ფაქტია, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებების არსებული სისტემა, რომელიც გაწერილია „განათლების ერთიან ეროვნულ გეგმაში“ არ ამართლებს, ცუდი ინვესტიციაა.

   ახლა  ვთქვათ, რა იწვევს მის უშედეგობას, რატომ არ გამოდგა განათლების ამგვარი რეფორმა კარგი. ერთი უკვე ვახსენეთ, რომ ზოგადად პრინციპულად არასწორი მიდგომაა გრძელვადიან პერსპექტივაში სწორხაზოვანი და სუბიექტურად ჩამოყალიბებული საგნების არჩევა და იმის მოსწავლეებისვთის სწავლება. ამას ემატება ის, რომ სხვა სუბიექტს არ აქვს უფლება, ამ გეგმას გვერდი აუაროს და თავისი ხაზით წავიდეს. მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაცია „ფრანკლინის აკადემიას“ არ აქვს უფლება, რომ დაარსოს სკოლა, რომელშიც საჯარო სკოლისგან განსხვავებულ პროგრამასა და სასწავლო გეგმას შეიტანს. ეს უფლება რომ გვქონდეს, სახელმწიფოს სწორხაზოვან საგანმანათლებლო სისტემას გვერდს ავუვლიდით და ქვეყნის საგანმანათლებლო ინვესტიციის რისკებს დავაზღვევდით. ლოგიკურად და მარტივადაც რომ შევხედოთ ამ საკითხს, ადამიანი ადგა, დაარსა სკოლა, შეიმუშავა გეგმა და იღებს მოსწავლეებს. მოსწავლეებს, რომლებიც მშობლებს მოჰყავთ იმიტომ, რომ მოსწონთ კონკრეტული სკოლის სასწავლო გეგმა. ჩნდება კითხვა - აქ რა უნდა მთავრობას? რატომ მიშლის მე და მოსწავლეთა მშობლებს ხელს იმაში, რომ ერთმანეთში შევთანხმდეთ?

  ამ კითხვებზე პასუხი შეიძლება იყოს ის, რომ მთავრობა და სახელმწიფო იცავს ბავშვებს გაუნათლებლობისგან ან ცუდი და უხარისხო განათლებისგან, რადგან ფიქრობს, რომ საჯარო სკოლისგან განსხვავებული სხვა სისტემა მავნებელია ახალგაზრდისათვის. ამის პასუხად - ერთი, ის რომ განათლებას, როგორც ზემოთ ვახსენე, ვერ გათვლი, ვერ გაიგებ მსოფლიოში წლების შემდეგ რა დაგჭირდება, ასერომ კაციშვილი ვერ იტყვის იმას, თუ რომელი არის ცუდი სწავლება და რომელი კარგი. მეორე, თუ მეთანხმებით იმაში, რომ ნორმალურ ოჯახში შვილი დედას უფრო უყვარს, ვიდრე სახელმწიფოს მმართველს. მაშინ დამეთანხმებით იმაშიც, რომ ჩემი შვილისთვის კარგი, მე უფრო მეტად მინდა ვიდრე მთავრობას, ამიტომ საუკეთესო ვარიანტს ავარჩევ იმისთვის, რომ იგი აღიზარდოს ადამიანად და განათლდეს.

მოდი დავუშვათ, რომ გატარდა რეფორმა და კერძო სკოლებს შეუძლიათ ჩაეხსნან „განათლების ერთიან ეროვნულ სასწავლო გეგმას“. არ გამოვა. არ გამოვა იმიტომ, რომ უნივერსიტეტში ვერ ჩააბარებენ ისე, თუ ერთიანი ეროვნული გამოცდები არ ჩააბარეს. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ვერ გავლენ სახელმწიფოს მიერ აღიარებული ფურცლის, ატესტატის გარეშე.  უნივერსიტეტს კი არ აქვს უფლება, რომ შიდა/კერძო გამოცდების საფუძველზე მიიღოს სტუდენტი. მოკლედ, მილიონი დაბრკოლებაა შექმნილი იმისთვის, რომ ვინმემ მთავრობის მიერ შემოთავაზებულ გეგმას არ გადაუხვიოს. ასეთი მიდგომა, მე არ მახსოვს, მაგრამ ჩემ წინა თაობას კარგად ახსოვს. ასეთ მიდგომას ეფუძნებოდა საბჭოთა განათლების სისტემა, ის იყო ასეთი დახშული და ჩაკეტილი. შორს რომ არ წავიდეთ, მოკლედ მოვიყვან ბატონი კახა ბენდუქიძის სიტვებს და ვფიქრობ ყველასთვის ყველაფერი გასაგები იქნება. ბატონი კახა ამბობს: „დღევანდელი ქართული სკოლა შუაში გაეჩხირა – საბჭოთა სკოლად აღარ ვარგა და თანამედროვე სკოლად არ ჩამოყალიბდა.“

   ბოლოს ვიტყვი, რომ ჩემთვის იდეალური სკოლა იქნება სკოლა, რომელიც უმიზნებს არა კონკრეტული საგნების სწავლას, არამედ მოსწავლის ადამიანად აღზრდას. პროფესიას ფასი დაეკარგება და ზოგიც გაქრება, ადამიანობა არ გაუფასურდება.
ჩვენ ვერ გავთვლით განათლებას, მაგრამ იმას ასი პროცენტით გავთვლით, რომ სანამ ადამიანი დედამიწაზე იარსებებს, ადამიანობა საჭირო იქნება.  დღევანდელი საგანმანათლებლო დაწესებულებების სისტემა საქართველოში არ არის ორიენტირებული ინდივიდსა და მის თავისუფლებაზე. მოცემული სისტემა არ არის ორიენტირებული ბავშვის კრეატიულობაზე, შემოქმედებითობაზე, კრიტიკულ აზროვნებაზე. სისტემა ახშობს თავისუფალ და განსხვავებულ აზრს, რაც ნიშნავს იმას, რომ იგი ახშობს მომავალს. ის ორიენტირებულია მხოლოდ თეორიულ სიზუსტეზე, ერთისმხრივს ზეპირობაზე. ასეთ მოცემულობაში განსხვავებული აზრი შეცდომად ითვლება, ხოლო შეცდომა დანაშაულად. შეცდომის დაშვებისა და განსხვავებული აზრის გარეშე კი ადამიანი ფიზიკურად ვერ განვითარდება. 

რა ვუშველოთ ამ ყველაფერს? სკოლაში ბავშვებს კიარ ვასწავლოთ, არამედ განვანათლოთ და აღვზარდოთ. მივცეთ კერძო სკოლებს უფლება, რომ თავიანთი ხაზი აირჩიონ, შეიმუშავონ გეგმა და გაზარდონ განათლების სერვისის მიმწოდებელთა ბაზარი. იმისთვის, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდეს მრავალფეროვანი, ინდივიდუალური და ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები, რომლებიც შეავსებენ ერთმანეთს. იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს სკოლები, რომლებიც მორგებული იქნებიან მშობლებისა და ბავშვების ინტერესებზე, არჩევანსა და მოთხოვნებზე. 
აი მერე გვეშველება.

 

|აღნიშნული ესე შეიძლება არ წარმოადგენდეს ფრანკლინის კლუბის ოფიციალურ პოზიციას, ესე დაწერილია ფრანკლინის კლუბის პროექტ ფრანკლინის თავისუფლების მცველების ფარგლებში.|