ფრანკლინის კლუბი: არსებობს თუ არა ქართული კონსერვატიზმი?

571 002 733
[email protected]

Are not registered yet? Sign up

To confirm your registration, please check your email for a message from us with further details.

არსებობს თუ არა ქართული კონსერვატიზმი?

მარ 24, 2022 blog გიორგი ანდრონიკაშვილი

თანამედროვე საქართველოში არის უამრავი ადამიანი თუ გაერთიანება, რომელიც თვითიდენტიფიცირებისთვის იყენებს პოლიტიკური იდეოლოგიების ტერმინებს (ლიბერალიზმი, სოციალიზმი, კონსერვატიზმი და ა.შ.). ხშირ შემთხვევაში, მათ შეიძლება არც იცოდნენ, რას ნიშნავს სიტყვა იდეოლოგია და რა პოლიტიკური დატვირთვა აქვს ამა თუ იმ ტერმინს. შედეგად, იქმნება ლინგვისტური პრობლემა, რომელიც ომონიმებს უკავშირდება. მაგალითად, როდესაც ადამიანი ამბობს - „მე ვარ ლიბერალი“, კომპეტენტური პირი მის შესახებ დასკვნებს  ვერ  გამოიტანს, სანამ გარკვეულ შეკითხვებს არ დასვამს, რადგან ზოგადი ფრაზა - „მე ვარ ლიბერალი“, ბევრს არაფერს ნიშნავს. სიტყვისგან ლიბერალი -  უკვე წარმოიქმნა  ომონიმთა ნაკრები. ლიბერალი შეიძლება ეწოდოს მემარჯვენესაც ( კლასიკური ლიბერალიზმი, ლიბერტარიანიზმი) და მემარცხენესაც (სოციალ-ლიბერალიზმი). საბჭოთა ადამიანისთვის ლიბერალიზმი, მეტწილად, უბრალოდ კაპიტალიზმთან და ჯინსებთან ასოცირდება, ხოლო რიგითი, პოლიტიკურ მეცნიერებაში გაუთვითცნობიერებელი ადამიანისთვის, ლიბერალი უბრალოდ ჭრელად შეღებილი თმებისა და ბევრი პირსინგის მქონე ახალგაზრდაა.

ეს ლინგვისტური პრობლემა კონსერვატიზმსაც შეეხო, თუმცა აქ საკითხი კიდევ უფრო რთულად დგას. საქართველოში, ხშირ შემთხვევაში, კონსერვატორებს თავს უწოდებენ პირები, რომლების კავშირი ამ ცნებასთან საეჭვოა.

ადამიანები, ვისაც თავი ქართული ტრადიციებისა და ისტორიის დამცველები ჰგონიათ, ხშირად ლაპარაკობენ ქართულ კონსერვატიზმზე. ისმის ხოლმე მოწოდებები, რომ აუცილებელია კონსერვატიული ძალების კონსოლიდაცია (ეს სიტყვა დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართულ მედია სივრცეშიც). იქმნება პარტიები, მოძრაობები თუ მედიასაშუალებები, რომლებსაც აქვთ მკვეთრი პოზიცია - ჩვენ ვართ კონსერვატორები. ჩნდება შეკითხვა  - რა არის კონსერვატიზმი? რას წარმოადგენს ქართული კონსერვატიზმი? როგორ უნდა განვითარდეს კონსერვატიული საქართველო?

პოლიტიკური იდეოლოგიები და კონცეფციები, რომლებიც საქართველოში პოპულარობით სარგებლობს, დასავლური ცივილიზაციიდან მოდის. ყოველ შემთხვევაში, კორეული „ჩუჩხეს“ მიმდევრები ქართულ პოლიტიკურ ველზე ჯერ არ გამოჩენილან.

კონსერვატიზმის ჩამოყალიბებისა და განვითარების კუთხით, საკვანძო არის არა კონტინენტური ევროპა, არამედ დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. აშშ განსაკუთრებით საინტერესო მაგალითია, როგორც ქვეყანა, რომელმაც ბრიტანულ წიაღში არსებული იდეები წამოიღო, განავითარა და მათზე საკუთარი სახელმწიფოებრიობა ააშენა. თუ მე-18 საუკუნეში, დანარჩენ სამყაროს აშშ უბრალოდ ეგზოტიკური და უცნაური იდეების კრებულად მოეჩვენა, დრომ აჩვენა, რომ ამერიკული ფორმულა მუშაობს.

აშშ არის პრეცენდენტი ქვეყნისა, რომელმაც არაფეოდალური, რესპუბლიკური პრინციპები აირჩია და წარმატებას მიაღწია. ქვეყანას, რომელიც იდეებზე დაფუძნდა, ორი საუკუნეც არ დასჭირდა იმისთვის,  რომ მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბებულიყო. შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ იქ ასეთი ძლიერია კონსერვატიული განწყობები. ისინი დიდ პატივს სცემენ და იცავენ ტრადიციებს, რადგან ამ მოდელმა გაამართლა და ქვეყანა წარმატებამდე მიიყვანა.

ამერიკაში ძალიან რთულია პოლიტიკურ ინსტიტუციებში ცვლილებისა და სიახლის შეტანა, რადგან არსებობს ფორმულა - ნუ შეეხები იმას, რაც კარგად მუშაობს . ამერიკული კონსერვატიზმი დგას ფედერალიზმის პრინციპზე, სასამართლო სისტემაზე, აშშ-ს კონსტიტუციასა და დამოუკიდებლობის დეკლარაციის ღირებულებებზე. ისინი იცავენ და თავს აიდენტიფიცირებენ პოლიტიკურ ინსტიტუტებთან და ძეგლებთან, რომელთა საშუალებით აშშ ჩამოყალიბდა როგორც სახელმწიფო და გაჩნდა ფენომენი - სახელმწიფო ამერიკის მოქალაქე.

მსგავსი მიდგომა შეიძლება ბევრს არ მოსწონდეს, შესაძლოა, იგი ქმნიდეს კიდეც რიგ პრობლემებს. მაგალითად, ამერიკის მოქალაქეების კონსერვატიული ნაწილი, რომელსაც ცვლილებებისადმი ზედმეტად სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს, აფერხებს ბევრის აზრით მოძველებული საარჩევნო სისტემისა თუ ნარკოპოლიტიკის ცვლილებას. თუმცა მოწონება/არ მოწონება, ამ შემთხვევაში, მეორეხარისხოვანი საკითხია. მთავარია, რომ ამერიკული კონსერვატიზმის იდეა ლოგიკური და გასაგებია. თვალსაჩინოა, თუ რაზე დგას ეს მსოფლმხედველობა.

 აქ კი დროა ვკითხოთ ქართველ „კონსერვატორებს“ თუ რას ეფუძნება მათი იდეოლოგია?

ქართული კონსერვატიზმი პარადოქსული, ოქსიმორონული სიტყვათშეთავსებაა, რადგან კონსერვატიზმი ძველის შენარჩუნებას ან დაბრუნებას გულისხმობს.  ლოგიკურად იბადება კითხვა, რას ვინარჩუნებთ ან ვაბრუნებთ ჩვენ?

სტატიის დასაწყისში  ვახსენეთ ლინგვისტური პრობლემა. თუ კონსერვატიზმში ვინმე ტრადიციული ჩაცმულობისა ან ლელობურთის  მსგავსი ფენომენების თაყვანისცემას გულისხმობს, აქ ბევრი არაფერია სათქმელი. ეს ნებისმიერი ადამიანის გემოვნების საკითხია. პრობლემაა, როდესაც პოლიტიკურ ველზე აქტიურდებიან  ძალები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, კონსერვატიულ ღირებულებებზე უნდა იდგეს.

აქ საქმე ცოდნის ნაკლებობასთან ან მანიპულირებასთან გვაქვს. როდესაც საუბარი ეხება სახელმწიფოს მოწყობასა და პოლიტიკურ იდეოლოგიას, სიტყვა - ტრადიციაში, პირველ რიგში, პოლიტიკური ტრადიცია იგულისხმება. ვინც სახელმწიფოს შენებას ტრადიციებსა და კონსერვატიულ ღირებულებებზე დაყრდნობით გვთავაზობს, მას უნდა ესმოდეს, რომ ღვინის კეთება და პოლიფონია აქ არაფერ შუაშია. კონსერვატორი ადამიანისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია ოჯახური ღირებულებები და კულტურა, მაგრამ პოლიტიკურ დონეზე, რისი დაცვა და შენარჩუნება სურთ ამ ადამიანებს? რომელი პოლიტიკური ტრადიციები და ჩამოყალიბებული ინსტიტუტები აქვს საქართველოს? რა უნდა დავიცვათ? ქართული სასამართლო? პარლამენტარიზმი? პრეზიდენტის ინსტიტუტი (რომელიც პრაქტიკულად გაუქმდა და სიმბოლური მნიშვნელობაღა დარჩა)? თვითმმართველობა? განათლების სისტემა?

ჩვენ ეს ინსტიტუტები საერთოდ არ გაგვაჩნია. ისინი ჯერ კიდევ  ჩამოუყალიბებელი ფორმით არსებობენ და მუდმივ კრიზისში არიან. რა აზრი აქვს იმის დაცვას, რაც არ არსებობს?

ქართველი დღეს მეტად კულტურული ცნებაა, ვიდრე პოლიტიკური. ჩვენ საზოგადოებაში, ქართველად მიიჩნევა კულტურული კომპონენტების მატარებელი, ცნება - მოქალაქეობა კი, სამწუხაროდ, მეორეხარისხოვნად მიიჩნევა.

მუდმივად მოდაშია აქცენტის დასმა საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე, თუმცა საქართველო, როგორც სახელმწიფო, ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება არა კონსერვატიული, არამედ რევოლუციური მიდგომა( არა პირდაპირი გაგებით, რევოლუციები და გადატრიალებები ისედაც საკმარისია ჩვენს თანამედროვე ისტორიაში). საქართველომ ჯერ უნდა შექმნას პოლიტიკური ტრადიციები, ვიდრე მათ დაცვაზე გადავა.

ჩვენი დამოუკიდებლობის ისტორია ძალიან მწირია. რამდენადაც საინტერესო არ უნდა იყოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდი, სამწუხაროდ, მან მხოლოდ სამი წელი იარსება. შემდეგ კი იყო 70 წლიანი საბჭოთა ანექსია, რომელმაც პრაქტიკულად გაანადგურა ყველა კავშირი თუ სტრუქტურა, რომელიც იქამდე არსებობდა. შესაბამისად, ახლად დაბადებულ სახელმწიფოში ყველაფერი თავიდან არის შესაქმნელი.

საქართველოში არსებობდა პოლიტიკური ტრადიციები, მაგალითად, ფეოდალიზმი და არისტოკრატია. თუმცა ეს ტრადიციები  მკვდარია და ვის როგორც არ უნდა სურდეს, მათი დაბრუნება არ და ვერ მოხდება.

დღეს, ამ ქვეყანაში არსებობს მხოლოდ ერთი ტრადიციული, პოლიტიკური ინსტიტუტი. ეს არის მართლმადიდებლური ეკლესია. იგი საკმაოდ პოპულარული და გავლენიანია, თუმცა მის შემთხვევაშიც, სიტუაცია საკმაოდ რთულია. იმის მიუხედავად, რომ რიგი  პოლიტიკური ძალები თუ ცალკეული პირები ცდილობენ ეკლესიასთან ასოცირებასა და თანამშრომლობას, ეს ინსტიტუტი ყოველთვის ამყარებს მანკიერ, თუმცა სიმბიოტურ კავშირს ხელისუფალთან. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მათ ეს კომფორტული პარტნიორობა გაცვალონ რომელიმე „კონსერვატიულ“ ძალასთან სრულფასოვან ალიანსზე.

ამავდროულად, თუკი ჩვენ გვსურს თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფო ავაშენოთ, გვჭირდება არსებითად მნიშვნელოვანი ელემენტი - სეკულარიზმი. საერო და სასულიერო ხელისუფლებები უნდა იყოს გამიჯნული, რელიგიური ორგანიზაციები კი არ უნდა სარგებლობდნენ დაუსაბუთებელი პრივილეგიებით.

თუკი ქართველებს დღესდღეობით არ გვაქვს ცოცხალი და პრაქტიკული პოლიტიკური ინსტიტუტები, საიდან მოდის იდეები და დღისწესრიგი, რომლის გატარებასაც ცდილობენ ეს „კონსერვატიული ძალები“. საკმარისია ენის გარკვეულ დონეზე ცოდნა და ცალი თვალით დაკვირვება პროპაგანდისტულ მედიაზე, რომ ამ დაჯგუფებების განცხადებებში ამოვიკითხოთ  საკმაოდ უხეშად კოპირებული  რუსული გზავნილები - ისტორიისა და ტრადიციების დამახინჯება, ან გნებავთ „შელამაზება“; რელიგიით, ერის უნიკალურობითა და „რჩეულობით“ სპეკულირება; აგრესიული, ლიბერალური დასავლეთის სასოწარკვეთილი, მაგრამ განწირული ლაშქრობა ჩვენი ტრადიციების წინააღმდეგ და ა.შ. ეს მოუხერხებელი „ქოფი/ფეისთი“ შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. კომიკურია, მაგრამ ზოგიერთი ასეთი ძალა უბრალოდ იდეებისა და გზავნილების გარდა, სახელსაც პირდაპირ რუსული ანალოგებიდან იღებს. ცალკე ჟურნალისტური ( თუ სპეცსამსახურების?) გამოძიების საკითხია, ამ დაჯგუფებებიდან რა ნაწილია „რომანტიკულად“ პროპაგანდისტულ მესიჯებს აყოლილი და ვის აქვს ნამდვილად კავშირი კრემლთან.

ერთგვარი ტრაგიკომედიაა, რომ ტრადიციების დამცველი „ქართული კონსერვატიზმი“ სინამდვილეში უბრალოდ უნიჭო რუსული კალკია.

ერთხელაც გავიმეოროთ - არსებობს სერიოზული ლინგვისტური პრობლემა, რომელსაც, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში, არაფერი ეშველება. ადამიანები ხშირად იყენებენ ერთსა და იმავე ტერმინებს, თუმცა სხვაგვარად ესმით მათი მნიშვნელობა. მათ შორისაა სოციალიზმი, ლიბერალიზმი და კონსერვატიზმი.

საქართველოში თავს კონსერვატორად რამდენიმე ტიპის ჯგუფი მიიჩნევს.

კონსერვატიზმი შეიძლება აღვიქვათ როგორც კულტურული ტერმინი, რომელიც ადამიანის ქცევისა და ცხოვრების წესისადმი დამოკიდებულებას აჩვენებს ( უკვე ნახსენები ლელობურთის მოყვარულები). ცხადია, მათი მსოფლმხედველობა მოიცავს პოლიტიკურ საკითხებსაც. მაგალითად, ასეთი „კონსერვატორები“ ხშირად კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან აბორტს, ლიბერალურ ნარკოპოლიტიკას და ა.შ.

ჩვენს ქვეყანაში, იშვიათად, მაგრამ მაინც შეგხვდებიან ადამიანები, რომლებიც თავს კონსერვატორებს უწოდებენ, თუმცა გულისხმობენ ამერიკული, ბრიტანული, ესპანური თუ სხვა ქვეყნებში არსებული კონსერვატიული პრაქტიკისადმი სიმპათიას.

რაც შეეხება ქართულ კონსერვატიზმს, იგი არ არსებობს. მნიშვნელოვანია ხაზგასმით ითქვას, რომ პოლიტიკურ გაერთიანებებს რომლებსაც „კონსერვატიული საქართველოს“ აშენება სურთ, უბრალოდ არ აქვთ ხედვა, თუ როგორ უნდა შევქმნათ და გავაძლიეროთ დემოკრატიული სახელმწიფო. კონსერვატორი რონალდ რეიგანი იყო, ეგ ხალხი კი უბრალოდ რუსეთის მეხოტბეა.

საზოგადოების იმ  ნაწილმა, ვისაც უყვარს და ცდილობს დაიცვას  ქართული ტრადიციები, უნდა ისწავლოს იმ ძალებისა თუ გზავნილების მანკიერების დანახვა, რომლებიც უბრალოდ მათი სენტიმენტებით სარგებლობენ. როგორც ვხედავთ, საკმაოდ მარტივია აღზრდისა თუ ესთეტიკური გრძნობის გავლენით, დაიჯერო და მხარი დაუჭირო  არ არსებული და საშიში პოლიტიკური კონცეფციების. რადგან  არსებობს გულწრფელი პატრიოტიზმი, როგორც პირადულის და მშობლიურის დაცვის ფენომენი და არსებობს „პატრიოტიზმი“, რომელიც მართლაც  გაიძვერების უკანასკნელი თავშესაფარია.