ფრანკლინის კლუბი: ქათამი, კვერცხი და სოციალისტი ან "რატომ დაინგრა საბჭოთა კავშირი"

571 002 733
[email protected]

Are not registered yet? Sign up

To confirm your registration, please check your email for a message from us with further details.

ქათამი, კვერცხი და სოციალისტი ან "რატომ დაინგრა საბჭოთა კავშირი"

დეკ 08, 2022 blog ალექსანდრე შარაშენიძე

1991 წელს მსოფლიოში უდიდესი ქვეყანა, საბჭოთა კავშირი დაინგრა. საბჭოთა კავშირს ტექნოლოგიურად არ უჭირდა, ბოლოსდაბოლოს პირველი ადამიანი გაუშვეს კოსმოსში. არც რესურსებით იყო ღარიბი (როგორც ხედავთ, რუსეთი დღემდე “ნავთობით ცხოვრობს”). მეტიც, ბევრი დასავლელი ეკონომისტი, მათ შორის ნობელიანტი პოლ სამუელსონი, დარწმუნებული იყო, რომ საბჭოთა კავშირის ეკონომიკა მალე ამერიკისას გადაასწრებდა. 

მაგრამ საბჭოთა კავშირი მაინც დაინგრა და თან ისე რომ “მდიდარი ქვეყნის” სტატუსთან ახლოსაც კი არ ჩაუვლია. 

და მაინც როგორ შეიძლება, რომ ტექნოლოგიურად განვითარებული, ბუნებრივი რესურსებით სავსე და უამრავი ნიჭიერი ადამიანის მქონე ქვეყანა ეკონომიკურად ესეთი წარუმატებელი ყოფილიყო? 

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, მოდი პატარა სიმულაცია გავაკეთოთ. ალბათ იცით (და თუ არ იცით გეტყვით), რომ საბჭოთა კავშირს დაგეგმარებული ეკონომიკა ჰქონდა. დგინდებოდა “ხუთ წლიანი გეგმა”, რომელშიც გაწერილი იყო, თუ რა უნდა დამზადდეს (რაც განსხვავდება დღევანდელი ეკონომიკისგან, რომელშიც არა მთავრობა, არამედ კერძო კომპანიები წყვეტენ რა და რამდენი დაამზადონ). ჰოდა, წარმოვიდგინოთ, რომ ახლა უკვე თქვენ ადგენთ ამ ხუთ წლიან გეგმას. მარტივად რომ ვთქვათ, “სტალინად დაგნიშნეთ” რასაც გინდათ იმას დაამზადებთ. თქვენ კი, რა თქმა უნდა, უაღრესად კეთილი სტალინი იქნებით. არავის არ დახვრეტთ, პირიქით, იმაზე იზრუნებთ, რომ სახელმწიფოში ყველა ადამიანს კარგად და თანასწორად მოექცეთ. 

უი, სანამ დავიწყებთ, თუ იცით, რა ორი გზა არსებობს, რომ ქათამს მეტი კვერცხი დავადებინოთ? არ იცით? ჰმ. კაი.

მალევე აღმოაჩენთ, რომ არსებობს ამის გარდა კიდევ სამი შეკითხვა, რომელსაც თქვენ კი არა, ვერავინ ვერ სცემს პასუხს.

 

კითხვა #1: რა დავამზადოთ?

ხუთ წლიანი გეგმის შედგენისას აღმოაჩინეთ, რომ გარტყმაში არ ხართ ხალხს რა უნდა. რამდენი კარაქი უნდა დავამზადოთ? რამდენი კვერცხი? რამდენი შარვალი? რამდენი ლურჯი შარვალი? ეუფ. კაი, თქვენ ტექნოლოგიურად განვითარებული სტალინი ბრძანდებით, ამიტომაც ყველას კითხვარს გაუგზავნით შესავსებად. 

ცოტა ხნის შემდეგ იღებთ 400 მილიონ პასუხ-გაცემულ კითხვარს. რაღაც ნიტოა. ხალხი 200 მილიონ იახტას ითხოვს. ვიღაცებმა კიდე 300 მილიონი წყვილი ხინკლიანი წინდები მოითხოვეს (რას გაუგებ ამ ქართველებს). კაი, 200 მილიონი იახტის დამზადება ნაღდად ვერ მოახერხებთ. რამენაირად უნდა შეზღუდოთ, ვის რამდენი რამის მოთხოვნა შეეძლება. მოიცა, ყველას რომ რაღაც რაოდენობა ქულები მივცეთ? შემდეგ ეს ქულები შეუძლიათ პროდუქტებში დახარჯონ. ვიღაცას თუ უნდა, სულ იახტებში დახარჯოს, ვიღაცას თუ უნდა, კარაქში და პურში. რას არ მოიფიქრებს ჭკვიანი კაცი.

აუფ, ეხლა აღმოაჩინეთ, რომ თითო ადამიანზე ერთზე მეტი კითხვარი მოდის. ხალხი აზრს იცვლის და ახლიდან აგზავნის კითხვარებს! ვიღაცას მარხვა დაუწყია და ხორცი აღარ უნდა. ამ ბიჭმა კიდე წითელი არა, ლურჯი ჰუდი მინდაო. ჯანდაბა.

 

კითხვა #2: ვის რა დავამზადებინოთ?

ბევრი ჯახირის შედეგად აღმოაჩინეთ, რომ პირველ შეკითხვას ვერაფერს ვერ უხერხებთ. ამიტომაც გადაწყვიტეთ თავი მოიტყუოთ, რომ პრობლემა მოგვარებულია. თუმცა მალევე ახალი პრობლემა აღმოაჩინეთ: იცით, რომ 50 მილიონი შარცლის დამზადება გიწევთ, მაგრამ არ იცით, ვის დაამზადებინოთ. ალბათ იმათ ვისაც შარვლის დამზადება კარგად გამოსდის, ხო? უცებ ხვდებით, რომ ალბათ ზოგ ადამიანს ფორმალური შარვლის დამზადება უკეთ გამოსდის და ზოგს კიდე სპორტულების. იმასაც იაზრებთ, რომ კითხვარში არ ეწერა, ხალხს მოტკეცილი შარვალი უნდოდა თუ ფართე. ხო კაი ეგ პირველი კითხვის საკითხია, ამიტომაც დავივიწყოთ.

კაი, მეორე შეკითხვას დავუბრუნდეთ. ხალხს რომ ვკთხოთ, შარვლის დამზადება ვინ იცის კარგად? ჰოდა, ვინც ყველაზე მაგარია ის ავირჩიოთ. მარა…იქნებ ეგ ხალხი სხვა საქმეში უფრო მაგარია? აინშტაინი ალბათ კარგი პრეზიდენტი იქნებოდა, მაგრამ მაგაში რომ გაეფლანგა დრო, ფარდობითობის თეორიას ვინ მოიგონებდა? არა, ვისაც კარგად გამოსდის შარვლის დამზადება უბრალოდ მაგათ ვერ ავარჩევთ.

მოიცა…წინა კითხვაში რომ ქულებით ირჩევდა ხალხი რა უნდოდა, აქაც ეგრე რომ ქულები გადავუხადოთ ხალხს შარვლების დასამზადებლად? და ვინც ყველაზე იაფად დაამზადებს შარვლებს ისინი ავიყავნოთ! და მერე ქულებს ისევ პროდუქტებში დახარჯავენ (პ.ს. ამ ქულებს “ლარები” რომ დავარქვათ, ალბათ არ იქნებოდა ურიგო). 

 

კითხვა #3: ვის რა დავურიგოთ?

კაი, რაც კითხვარებში ეწერა, ყველაფერი დავამზადეთ! მეტიც, 5 წლიანი გეგმა 4 წელიწადში შეასრულეთ! ახლა კიდე პროდუქტების დარიგების დროა. კითხვარებს გადახედეთ და აღმოაჩინეთ, რომ ქათმების ფერმა და ქარხანა ორივე 100 ვატ ენერგიას გთხოვენ (ფიზიკოსებო, “სიმძლავრე რატო არ გიწერიაო” არ დამიწყოთ). წინა წლებშიც სულ 100 ვატს იღებდა ხოლმე ორივე. მაგრამ ახლა ჯამში გაქვთ მარტო 100 ვატი და როგორმე უნდა გაანაწილოთ. კარგად დაფიქრების მერე დაასკვენით, რომ რადგან წინა წლებშიც თანაბრად ნაწილდებოდა ენერგია ორივეზე, ეხლაც თანაბრად გაანაწილოთ. ქარხანასაც და ქათმების ფერმასაც 50 ვატს აძლევთ. ერთ კვირის შემდეგ გაიღვიძეთ და გაიგეთ, რომ ქარხანა დაიხურა. 

როგორც აღმოჩნდა, არსებობს ორი გზა თუ როგორ შეიძლება ქათამს დავადებინოთ მეტი კვერცხი. ერთი არის, რომ გავათბოთ (ვატებისგან გამომუშავებული ენერგიით) და მეორე არის, რომ მეტი ვაჭამოთ. ქარხანას კიდე თურმე 100 ვატი სჭირდებოდა სამუშაოდ. ეს რომ გცოდნოდათ, ხო ასივე ვატს ქარხანას მისცემდით, ქათმების ფერმა კიდე უბრალოდ ვატების მაგივრად მეტ საჭმელს გამოიყენებდა! აუ თან ეს მეორე კითხვის პრობლემა ყოფილა, მერე იმ კვერცხებსაც ხო უნდა ხალხში განაწილება? ვახ, რთული ყოფილა კეთილი სტალინობა. კაი ჯანდაბას, შემდეგ ჯერზე, გაყიდით ვატებს! 100 რომ იქნება მარტო, ფასი გაიზრდება. ქათმების ფერმერები ძვირს არ გადაიხდიან და მაგის მაგივრად საჭმელს იყიდიან. ქარხნიდან კიდე სხვა არჩევანი არ ექნებათ და ასივე ვატს იყიდიან. 

უი, მგონი შემთხვევით საბაზრო ეკონომიკაზე გადახვედით. ხალხი ფულს იღებს პროდუქტების დასამზადებლად, ფულს იხდის პროდუქტების საყიდლად და რისი დამზადება გვინდა იმის მიხედვით ვწყვეტთ, თუ რაში უნდა ხალხს ფულის გადახდა. ორი-სამი კვირის შემდეგ კი, საბჭოთა კავშირი ჩამოგეშალათ. მგონი სტალინი კი არა გორბაჩოვი იყავით.